პრემია Free Media Awards-ი ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
- მედია-პლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
- ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
- საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 (უნგრეთი)
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
- მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)
Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზსში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25 წლიანი ერთგულებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა საქართველოში.
„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, - ნათქვამია განაცხადებაში.
თავისუფალი მედიის პრიზის გადაცემის ცერემონიალი 6 ნოემბერს იმართება ჰამბურგში.