„მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, ეს ცილისწამებაა – ოქუაშვილი

1 week ago 3

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, არხის დახურვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია და გიორგი გაბუნიას განცხადება მის მიმართ ცილისწამებაა.

როგორც ოქუაშვილი ამტკიცებს, ეს ნიკა გვარამიას გეგმის ნაწილია, რათა მათი საქმე და ინტერესი შეფუთული იყოს ისე, როგორც გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა.

ზაზა ოქუაშვილის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მთავარ არხთან“ დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მოულოდნელად გამოიტანეს დღეს საჯაროდ, არ ემსახურება არხის ინტერესებს და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა, იგივეა.

სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია. მეტიც, ჩემს მიერ გამოითქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, „მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა – ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე.

„მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მე პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვაწარმოებ რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო დავას და კომიკური და ლოგიკას მოკლებულია გიორგი გაბუნიას მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ცუდად შეფუთული ბრალდება ჩემი ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ.

როგორც ჩანს „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და ამისათვის სამწუხაროდ შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას.

ჩემი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“, – აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

გუშინ, 11 დეკემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავს. მისი თქმით, „მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, თვითონაც ჩაერთოს “ოცნების” წამოწყებულ ძალადობაში  და მის ხელთ არსებული საშუალებებით იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი კონფლიქტის დაწყებამდე “ახლის” საპარლამენტო სიაში 3 ადამიანის ჩასმას ითხოვდა. როგორც გვარამია, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნიკა გვარამიას წერილს “მთავარ არხზე” მიმდინარე მოვლენებზე უცვლელად გთავაზობთ.

სრულად წაკითხვა