„მთავარი“ იმ სპეცრაზმელთა სიას აქვეყნებს, რომლებიც ტელეკომპანიის თქმით, დემონსტრანტებს უსწორდებიან

2 weeks ago 2

ტელეკომპანია „მთავარი“ აქვეყნებს ასკაციან სიას, რომელიც მათი მტკიცებით, აერთიანებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად კი იმ ადამიანებს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დაშლასა და დემონსტრანტების, მათ შორის, ჟურნალისტების ცემასა და დაკავებაში მონაწილეობენ.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ეს სია მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

მას შემდეგ, რაც 5 დეკემბრის ღამეს, ტელეკომპანია „მთავარმა“ სია გამოაქვეყნა, სოციალური ქსელი მოიცვა ფოტოებმა.

მომხმარებლების მტკიცებით, ამ ფოტოებზე სწორედ ის სპეცრაზმელები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან დემონსტრანტებს.

წუხელვე, სოციალურ ქსელებიდან ერთმანეთის მიყოლებით გაქრა იმ პირების პირადი გვერდები, რომლებიც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სიაში არიან აღნუსხულები.

ერთ-ერთი პირი, შოთა ფორჩხიძე, რომლის ფეისბუკის პროფილიც გაზიარდა სოციალურ ქსელში, როგორც აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის პირადი გვერდი, ფეისბუქზე წერს:

"ამ ორი დღის განმავლობაში ვინც მსტალკავთ და კომენტარებს მიწერთ იმათ მოგმართავთ ჯერ გაერკვიეთ ხალხო სადვმუშაობ და მერე აფრქვიეთ აგრესია თავდაცვის ძალების ჯარისკაცს აქციაზე რაუნდა?" [სტილი დაცულია].

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს: "ხალხნო, ჩემს ინბოქსში რაც ხდება ნეტა იცოდეთ, სიაში ვინცაა, ის ზღვაში წვეთია. ამოხეთქა ხალხმა".

5 დეკემბერს, დილით, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ.

როგორც ის ამბობს, „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მან საკუთარი ძმა, ლევან ნაზღაიძე ამოიცნო:

„ჩემდა სამწუხაროდ, ამ სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი და გვარი. მასთან მე და ჩემს ოჯახს გარკვეული მიზეზების გამო არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა, პოლიციაში რომ მუშაობდა, ვიცოდი.

მწყდება გული და კიდევ ერთხელ, ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, რომ დგას იმ მხარეს, სადაც არის დიქტატორი, დარბევა და სადაც ახალგაზრდებს უმახინჯებენ ცხოვრებას.

მნიშვნელობა არ აქვს, იმ მხარეს ჩემი ძმა დგას თუ ჩემი ოჯახის სხვა ნებისმიერი წევრი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები, მათი ინფორმაცია. მე დღემდე არ მეგონა, რომ ჩემი ძმა იქნებოდა იმ დამრბევთა სიაში, რომელშიც მე ვიხილე.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ციხე გატყდა შინიდან. ყველას მოგიწოდებთ, გამოდით, ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ მას იცნობთ, ის თქვენი ოჯახის წევრია”, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე მიმართვაში.

სპეცრაზმელთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

"ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას", - წერს მამუკა მდინარაძე.

5 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ სიაზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ის ამბობს, რომ თუკი ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, "ესენი რადიკალები არიან".

ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი

„როდესაც ფიზიკურად ვეღარ ძალადობდნენ, როდესაც ამის რესურსი ამოიწურა, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც ლიბერალური ფაშიზმისთვისაა დამახასიათებელი. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების სიების. თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან. ჩვენ ვიმოქმედებთ - ამას ვპირდებით ყველას“, - თქვა მან.

სპეცრაზმელთა სიის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

მან დაწერა, რომ „სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას“, თუმცა, მისივე თქმით, სიის გამოქვეყნება “არ უნდა არავითარ შემთხვევაში გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში”.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

"ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან.

ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არ უნდა არავითარ შემთხვევაში გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს.

სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!", - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა 5 დეკემბერს ფეისბუკზე.

თუმცა, ამ დროისათვის, ეს პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

რადიო თავისუფლება ცდილობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაარკვიოს, რატომ აღარ იძებნება პოსტი ფეისბუკზე.

„მთავარი არხის“ მიერ სიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, სამსახური დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა.

მიზეზად პატაკში ის „ოჯახურ პირობებს“ ასახელებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში 4 დეკემბრის საღამოს მან თავად გაავრცელა.

შვიდი ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

5 დეკემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქციებზე, სამართალდამცავების მიერ ნაცემმა 319-მა პირმა მიმართა.

სრულად წაკითხვა