მივესალმებით ივანიშვილის სანქცირებას, დამატებითი სანქციებია საჭირო - კონგრესმენები, კონოლი და ტერნერი

1 month ago 6

კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი მიესალმებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს. 

„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, - წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯერი კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ტერნერი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე და მხარდამჭერია.

მაიკ ტერნერი ოჰაიოელებს მიმართავს ჯეი დი ვანსის მხარდასაჭერად. 2022 წლის 7 ნოემბერი. ტერნერის ამ გამოსვლის შემდეგ სიტყვით დონალდ ტრამპი გამოვიდა. ჯეი დი ვანსი კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იქნება

მაიკ ტერნერი ოჰაიოელებს მიმართავს ჯეი დი ვანსის მხარდასაჭერად. 2022 წლის 7 ნოემბერი. ტერნერის ამ გამოსვლის შემდეგ სიტყვით დონალდ ტრამპი გამოვიდა. ჯეი დი ვანსი კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იქნება

„ივანიშვილის დირექტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან, - „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებითა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით“, - აცხადებენ კონგრესმენები.

მათი განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა - უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) - სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

28 დეკემბერს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან.

„მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში ჩათრევისა და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - განაცხადა მაიკლ მაკკოლმა.

3 იანვარსვე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კიდევ ორმა წევრმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკელი) და სტივ კოენმა (დემოკრატი) განაცხადეს, რომ 119-ე მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო დღესვე ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“.

ჯო უილსონი „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარეა, კოენი კი - ამავე კომისიის მაღალი რანგის წევრი.

სტივ კოენმა გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად“. მისი კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები.

სრულად წაკითხვა