წაკითხვა: 40
“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
“დაიკავა თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა სამიზნედ ვექციეთ. ჯერ სააკაშვილთან შეკრულებად გამოგვაცხადა, თავის მართლების რეჟიმში ჩაგვაგდო, მსგავსი ბრალდებები იმდენად ხშირი იყო, რომ იძულებული გავხდი,- მოწამეთას მონასტერში, დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებთან დამეფიცა, რომ არავისთან შეკრული არა ვარ. იქიდან მოყოლებული, ბრალდებები ხან მილევად რეჟიმშია და ხან კვლავ აქტიურდება, პრემიერი კობახიძე მუდმივად ცდილობდა და ცდილობს რაღაცა გაუგებარი შეთქმულებების თანამონაწილეებად წარმოგვაჩინოს.
მეტიც, ირაკლი კობახიძემ მთელს ქვეყანაში გააღვივა სიძულვილი და დაპირისპირება, თანაც, დაპირისპირება- ყველასთან! მათ შორის, „ქართული ოცნების“ ძველ წევრებთან, ძველ მოკავშირეებთან და ზოგადად, ადამიანებთან, რომლებიც არასდროს არ მტრობდნენ „ქართულ ოცნებას“.
კობახიძე ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, ყველას რაღაცა შეთქმულების მონაწილედ აცხადებს და რაც მთავარია, რეალურად სვამს ციხეში უდანაშაულო ადამიანებს. კვლავ გთხოვთ: იმოქმედეთ, შეაჩერეთ ეს კაცი, თორემ დღეს ყველას სააკაშვილის საშინელი მმართველობა და ის ტრაგიკული წლები გვახსენდება. საზოგადოების ტოტალური დაშინების მცდელობა მიზანს აღწევს და თქვენი გამონათქვამები, რომ ხელისუფლებას გადაჭარბებულადაც კი უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია,- უკვე გამოცხადებულია სახელმწიფოს მტრობად, სუვერენიტეტის შელახვად, საბოტაჟად, ჯაშუშობად და სამშობლოს ღალატად. ვიმეორებ იმასაც, რომ ამგვარ პროცესებს მხოლოდ ნეგატიური, გამოუსწორებელი და უმძიმესი შედეგები მოსდევს”- წერს ირმა ინაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები