2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა სარეკორდო მოცულობით შეისყიდეს გათხიერებული ბუნებრივი გაზი რუსეთის საწარმო "იამალ ესპეგესგან", რომელსაც აკონტროლებს კომპანია "ნოვატეკი". ამ ცნობას 13 ივლისს ავრცელებს გამოცემა Financial Times-ი. მოგვიანებით, ევროკავშირის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო Reuters-მაც.
მედია აღნიშნავს, რომ სარეკორდო შესყიდვები ხორციელდება მანამ, სანამ უნდა ამოქმედდეს აკრძალვა რუსეთის გათხიერებული გაზის იმპორტზე. აპრილიდან ეს უკვე შეუძლებელია მოკლევადიანი კონტრაქტებით, თუმცა გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე მიწოდების გაგრძელება შეიძლება 2027 წლის 1 იანვრამდე.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა "იამალისგან" განახორციელა არანაკლებ 9,97 მილიონი მეტრული ტონა თხიერი გაზის იმპორტი, რაც 16 პროცენტით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. კომპანია Urgewald-ის თანახმად, "იამალისგან" იანვარი-ივნისის პერიოდში შესყიდული თხიერი გაზის საფასური თითქმის 6 მილიარდ ევროს გაუტოლდა, მიწოდების მთავარი მიმღებები ტრადიციულად იყო საფრანგეთის, ბელგიისა და ესპანეთის პორტები.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული გაზის შესყიდვა - მიწოდება შემცირდა მილსადენების უმეტეს მარშრუტებზე. თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ გათხიერებული გაზის მიწოდებაზე სრული აკრძალვის ამოქმედებამდე რუსეთისგან შესყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·