სახალხო დამცველს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არ აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. 19 ოქტომბერს პარტია „ლელომ“ ომბუდსმენს მოუწოდა, არ დარჩენილიყო პროცესის მიღმა და წარმოედგინა სამართლებრივი პოზიცია.
ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ გვითხრა, რომ მათთვის ცნობილია პარტიის მიმართვაზე და ამ საკითხზე „შიდა განხილვები“ მიმდინარეობს.
„ჩვენთვის ცნობილია„ ლელოს“ წარმომადგენლის მომართვის შესახებ, ამაზე მიმდინარეობს შიდა განხილვები და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი, აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. […] დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“, – თქვა გვარამაძემ.
ამ საკითხით დღეს სარჩელის განხილვის დროს კიდევ ერთხელ დაინტერესდა „ლელოს“ წარმომადგენელი, თორნიკე ართქმელიძე და პლენუმის წევრებს ჰკითხა, რომ არ მიუღიათ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
პასუხად მან მიიღო, რომ ამ ეტაპზე მოსაზრება წარმოდგენილი არაა.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.
სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო და ამ დაგეგმილია, რომ 23 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
იხილეთ ასევე:
netgazeti