საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, რომლითაც პარტია ითხოვდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიემართათ.
„ლელოს“ შუამდგომლობა პარტიის წევრმა გიორგი სიორიძემ დღეს, 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა. მეორე დღეა საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება.
„ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ განმარტოს, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება.
„ლელოს“ შუამდგომლობის მიზანი იყო , პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საკითხის გადაწყვეტამდე, განმარტებული ყოფილიყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის პრინციპები, აგრეთვე ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა და პროპორციულობა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უმაღლეს სასამართლოებს შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას.
ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ასეთი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის ფარგლებში; მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს შესაბამის სამართლებრივ და ფაქტობრივ კონტექსტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მიერ დასახელებულია იმ სასამართლოთა შორის, რომლებსაც აღნიშნული ოქმის საფუძველზე საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიმართვის უფლებამოსილება აქვთ.
შესაბამისად, წინამდებარე შუამდგომლობა ემსახურება სასამართლოსთვის იმ პრინციპული კონვენციური საკითხების გამოკვეთას, რომელთა განმარტებასაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მის წარმოებაში არსებული საქმის გადასაწყვეტად“, – ნათქვამია „ლელოს“ შუამდგომლობაში.
„ლელო“ საკონსულტაციო დასკვნის საჭიროებას იმით ასაბუთებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩარევაა, ვინაიდან პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია.
„ისინი უზრუნველყოფენ პოლიტიკური შეხედულებების ორგანიზებულ გამოხატვას, მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობასა და ხელისუფლების ფორმირების პროცესში ალტერნატივების არსებობას.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა თავისი ბუნებით განსაკუთრებულად ინტენსიური ჩარევაა გაერთიანების თავისუფლებაში და შეიძლება გავლენას ახდენდეს გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ პლურალიზმზეც.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი იცავს გაერთიანების თავისუფლებას, ხოლო მე-10 მუხლი — გამოხატვის თავისუფლებას. პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტექსტში აღნიშნული უფლებები უნდა განიმარტოს დემოკრატიული საზოგადოების, პოლიტიკური პლურალიზმისა და უფლებების დაცვის საერთო მიზნების გათვალისწინებით.
ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ განმარტოს, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება“, – ნათქვამია „ლელოს“ შუამდგომლობაში.
„ლელოს“ განცხადებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ, ინდივიდუალიზებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სათანადო სამართლებრივ შეფასებას.
„ლელო“ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიის მიზნები და საქმიანობა და, მეორე მხრივ, ცალკეული განცხადებები, პოლიტიკური პოზიციები ან ისეთი ფაქტები, რომელთა კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირება შესაბამის დასაბუთებას მოითხოვს.
„ლელოს“ განცხადებით, საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა მიზანშეწონილია იმის გასარკვევად, თუ რა ხარისხის მტკიცებულებები და რა სახის დასაბუთება შეიძლება იყოს საკმარისი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ისეთი უკიდურესი ღონისძიების გასამართლებლად, რომელიც ზღუდავს კონვენციით დაცულ პოლიტიკურ და გაერთიანების თავისუფლებებს.
„პოლიტიკური პარტიის აკრძალვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩარევის კანონიერ მიზანს, მისი განხორციელების აუცილებლობასა და პროპორციულობას.
სასამართლოს მიერ შესაფასებელია, არსებობს თუ არა შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები ასეთი მკაცრი ღონისძიებისთვის; რამდენად არის დადასტურებული რეალური საფრთხე; და შესაძლებელია თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლებებში ნაკლებად ინტენსიური ჩარევით.
ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლოს განმარტება დაეხმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ერთმანეთისგან გამიჯნოს პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის შეზღუდვის დაუშვებელი შემთხვევები და ის გამონაკლისები, რომლებშიც პარტიის აკრძალვა კონვენციით დაცულ უფლებებთან თავსებადად შეიძლება ჩაითვალოს“, – ნათქვამია „ლელოს“ შუამდგომლობაში.
„ლელოს“ განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ დავა მოითხოვს კონვენციის მე-11 მუხლის იმ სტანდარტების განმარტებას, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკური გაერთიანებების ფუნქციონირებას, პოლიტიკური პლურალიზმის დაცვასა და დემოკრატიული საზოგადოების არსებობას.
ამასთან, პარტიის განცხადებით, საკითხი უნდა შეფასდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის იმ საქმეების კონტექსტში, რომლებშიც განხილულია პოლიტიკური პარტიის დაშლის ან აკრძალვის შესაბამისობა კონვენციასთან.
როგორც შუამდგომლობაშია აღნიშნული, საკონსულტაციო დასკვნა ხელს შეუწყობს კონვენციური სტანდარტების ზუსტ განსაზღვრასა და მათ თანმიმდევრულ გამოყენებას ეროვნულ დონეზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლელო“ ითხოვდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის შემდეგი კითხვებით მიმართვის საკითხი:
- რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთობლიობაში?
- რა მტკიცებულებითი და დასაბუთების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელემ, როდესაც იგი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, და რა მოთხოვნები ვრცელდება პარტიისთვის კონკრეტული განცხადებების, მოქმედებებისა და მიზნების მიკუთვნებაზე?
- რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ იმის შესაფასებლად, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციულ ღონისძიებას და არსებობს თუ არა იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები?
- რა მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შეფასებისას პარტიის მოქმედ მიზნებსა და საქმიანობას, მის პოლიტიკურ განცხადებებსა და რეალურ ქმედებებს შორის განსხვავებას, აგრეთვე იმ გარემოებას, არსებობს თუ არა პარტიის მხრიდან დემოკრატიული წესრიგისთვის რეალური და სათანადოდ დასაბუთებული საფრთხე?
- კონვენციით გათვალისწინებულ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა პარტიების აკრძალვის ერთობლივი პროცედურული სამართალწარმოება?
netgazeti