WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარმა გიორგი ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. უწყება უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ფეიქრიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება.

პენიტენციური ამბობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, საკანშია. თუმცა უწყების განცხადებითვე, ის საკანში დღეს, 15:30 საათზე გადაიყვანეს.

უწყება იმასაც ადასტურებს, რომ 20 ოქტომბერს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის საკანში იყო:

„მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი).

ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე“, – წერია განცხადებაში.

პენიტენციური ამბობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“, – წერია განცხადებაში.

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება 19 ოქტომბერს მიიყენა – „რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“.

მესამე დღეა „ვივამედშია“ გიორგი ფეიქრიშვილის ძმა, დავით ფეიქრიშვილი, რომელიც ამბობს რომ საკანში დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“).

პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.


ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები  ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.