თორნიკე თოშხუას შემდეგ, პატიმრობიდან გათავისუფლდა მინდია შერვაშიძეც.
შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე თანამესაკნეებისთვის შეძახილის გამო 500 ლარით დააჯარიმეს.
დღეს, პირველ ივლისს, სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრებს, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა. თორნიკე თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძემ კი, ვინაიდან პროცესს არ ესწრებოდა, საპატიმრო რამდენიმე საათში დატოვა.
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით. პირველ აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ მათ მათ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად, ციხე 16 აგვისტოს უნდა დაეტოვებინათ.
თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა და 10 თვით და 15 დღით განუსაზღვრა, რის გამოც ისინი თვე-ნახევრით ადრე გათავისუფლდნენ.
31 ივლისის ღამეს ყოფილმა ფეხბურთელმა, „ოცნების“ მხარდამჭერმა ბექა გოცირიძემ კახა კალაძის წინასაარჩევნო ღონისძიებიდან რუსთაველზე ჩამოიარა დემონსტრანტების მიმართ გინებითა და შეურაცხყოფით, რასაც შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. ბექა გოცირიძემ მომხდარი სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავადვე აღწერა, როგორც რიგითი, ორმხრივი შელაპარაკება. ბექა გოცირიძეს არ უარუყვია თავისი წილი პასუხისმგებლობა კონფლიქტში. თქვა, რომ ნანობდა კიდეც და ჯობდა, რუსთაველზე იმ ღამეს იმ ფორმით არ გაევლო; რომ არაფერი განსაკუთრებული ტკივილი არ განუცდია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია არ ჰქონდა და მათი ციხეში ყოფნა არ სურდა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·