WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მინსკში, საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

“ამ თემისთვის არ შემეძლო გვერდის ავლა, გამომდინარე იქიდან, რა ყეფა ატეხეს აგენტურამ და რადიკალებმა მინსკში საქართველოს და რუსეთის სპეცწარმომადგენლების შეხვედრაზე, მოძველებულ-მოყირჭებული ნარატივით: “ხვალ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ“. ბატონებო, ხვალაც, ზეგაც, მასზეგაც და მერეც თბილისში გაიღვიძებთ და დაიძინებთ… თუმცა, თქვენთვის არაკომფორტულად.

ეხლა კი უშუალოდ თემაზე, ვინ დარჩებოდა მოგებული და წაგებული, თუკი ქართული მხარე პოზაში ჩადგებოდა და მინსკში შეხვედრაზე უარს იტყოდა? ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი იტყვის, რომ უფრო მეტად დაზარალდებოდა ქართული მხარე.

აბაშიძე-კარასინის “პრაღის ფორმატიდან” მოყოლებული, ამ შეხვედრებზე გადაწყვეტილა ისეთი საკითხები, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, რომლებიც დადებითად აისახა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის ბედზე და მდგომარეობაზე. თუმცა, აგენტურისთვის და რადიკალებისთვის ადამიანური განზომილება ძალიან უცხო ხილია.

მინსკის შეხვედრაზე კი უკვე იქნა მიღწეული წინასწარი შეთანხმებები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენს მოქალაქეებს წაადგებათ.

ჩვენ არ ვიცით, შეხვედრის ადგილად მინსკის შერჩევის დეტალები, მაგრამ შეიძლება დავუშვათ, რომ ევროპის ქალაქებში ასეთი შეხვედრის გამართვა შეუძლებელი იყო რუსეთთან მათი ამჟამინდელი ურთიერთობებიდან გამომდინარე?!

იტყვიან, სხვა ადგილის შერჩევაც შეიძლებოდაო. მოდით დავუტოვოთ ეს საკითხი დიპლომატებს.

ცალკეული პოლიტიკოსების და “ექსპერტების” ბოდვები, რომ მინსკში შეხვედრა თურმე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მხოლოდ მათ ინტელექტუალურ და მორალურ დეგრადაციაზე მიანიშნებს. ამიტომ დავტოვოთ ისინი ამ პროცესში. მათთან დისკუსიას აზრი არ აქვს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.