ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოში პასუხისმგებელ პირებს, რომ „გაათავისუფლონ რეპორტიორი გურამ მურვანიძე და გამოიკვლიონ, ხომ არ ემუქრება მზია ამაღლობელს პასუხისგება შურისმაძიებლურად მისი ჟურნალისტობის გამო“.
ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების ხელშეწყობას ემსახურება და ჟურნალისტების უფლებებს იცავს, აღწერს ამაღლობელისა და მურვანიძის დაკავების გარემოებებს და ასევე იმას, რომ არსებობს ვარაუდი, ზოგი კი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სადამსჯელო ზომაა იმის საპასუხოდ, რომ მზია ამაღლობელის მიერ დაარსებული მედიასაშუალებები რეგულარულად აშუქებენ სახელმწიფო უწყებების, მაღალჩინოსნების, მათ შორის, პოლიციის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.
„ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არათანაბარზომიერია და ლეგიტიმურად იწვევს შეშფოთებას, რომ მის მიმართ ამ სამართლებრივი დევნის მიზანი იმ მედიასაშუალებების გაჩუმებაა, რომელსაც ის მართავს. მზია ამაღლობელი და რეპორტიორი გურამ მურვანიძე უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება ამაღლობელის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით“, — აცხადებს ორგანიზაცია.
CPJ წერს იმასაც, რომ მათ წერილობით მიმართეს საქართველოს პროკურატურას, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს და ითხოვეს მათგან კომენტარი ამაღლობელისა და მურვანიძის საქმეებზე, თუმცა უშედეგოდ, პასუხი არ მიუღიათ.
მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც იგი დემონსტრანტების დაკავებას იღებდა, დააკავეს გურამ მურვანიძეც. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
წაიკითხეთ ასევე: