Amnesty International საქართველოში „ანტისამთავრობო და პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით“ დაკავებული ცხრა პირის შეწყალებას აფასებს.
„ცხრა დემონსტრანტის გათავისუფლება მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიხარულო ამბავია და ამას მივესალმებით, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის“, - განაცხადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.
მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამო გახდნენ სამიზნეები, საერთოდ არ უნდა გამხდარიყვნენ დევნის ობიექტები და მათი დასჯა მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამოყენებისთვის მოხდა.
Amnesty International ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა დარღვევების შესახებ ყველა განცხადება დამოუკიდებლად და ეფექტიანად იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - თქვა კრივოშეევმა.
ორგანიზაციის შეფასებით, ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის გამო, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ უნდა გათავისუფლდეს.
ორგანიზაციის განცხადებით, დემონსტრანტების სასამართლო პროცესები, რომლებსაც Amnesty International-ის წარმომადგენლები და ადგილობრივი უფლებადამცველები აკვირდებოდნენ, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
„ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის არიან ცხრა დემონსტრანტი, რომლებიც 2024-2025 წლებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს. ესენია:
- საბა ჯიქია
- დავით ხომერიკი
- თორნიკე მჭედლიშვილი
- ფრიდონ ბუბუტეიშვილი
- დანიელ მუმლაძე
- გურამ ხუტაშვილი
- ავთანდილ თოფჩიშვილი
- სიმონ მახარაძე
- დენის კულანინი
პატიმრობაში ამ დროისთვის კვლავ რჩება 2024-2025 წლების აქციებზე დაკავებული რამდენიმე ათეული დემონსტრანტი. მხარდამჭერები და პროევროპული აქციის მონაწილეები მათ „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევენ.
radiotavisupleba ახალი ამბები