„სამართლიანმა არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, მიტროპოლიტი იობის მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადების გაკეთების შემდეგ, მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ქსელი კოორდინირებულად ამოქმედდა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა მეუფე იობის საწინააღმდეგო კამპანია ფეისბუქზე, როგორ გავრცელდა იდენტური ციტატები ათეულობით გვერდზე რამდენიმე წუთის სხვაობით და როგორ გაზიარდა წლების წინანდელი ვიდეოები ახალი კონტექსტით.
„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებების პარალელურად, სოციალური მედიის პლატფორმებზე მეუფე იობის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. ტრადიციულად, კამპანიის ღერძი ე,წ, „ექსპერტების“ ციტატები იყო. ყველა მათგანის ფეისბუქსტატუსი ქარდების სახით გავრცელდა, იდენტური ტექსტით და რამდენიმე წუთის სხვაობით ერთსა და იმავე გვერდებზე.
11 ნოემბერს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელევიზიებმა გია აბაშიძის ფეისბუქპოსტიდან იდენტური ციტატა გაავრცელეს. აბაშიძის აზრით, „დასანანი და შემაშფოთებელია, როცა მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს; ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“, – აცხადებს ISFED.
ISFED-ის ანგარიშის თანახმად, აბაშიძის ციტატის გამოჩენიდან ცამეტი წუთის შემდეგ მეორე ტექსტი გავრცელდა. ამჯერად ავტორი დავით ქართველიშვილი იყო. მისი მტკიცებით, მეუფე იობი არის „მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან“ და რომელიც „ხელს უწყობს სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას“. ციტატის ბოლოს ქართველიშვილი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება ქრისტიანული მოტივით არ არის ნაკარნახევი და მეუფეს მიზანი საკუთარი დაუსჯელობისა და უკონტროლო ავტონომიის შენარჩუნებაა.
ISFED-ის ცნობით, აბაშიძესა და ქართველიშვილს სხვა ცრუ ექსპერტებიც შეუერთდნენ.
„თამთა მეგრელიშვილი ქადაგებას ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ პოლიტიკურ მოწოდებად აფასებდა და წერდა, რომ მეუფე ხელისუფლების ჩამნაცვლებლად სააკაშვილსა და მის „სისხლიან რეჟიმს“ განიხილავს. დავით ჩიხელიძის თქმით კი, მეუფემ „ქვეყნის მტრების მხარეს დგომა აირჩია“ და „მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, მის ეპარქიას კი „კრიმინალების შეფარებას“, „განგსტერულ გარჩევებს“ და „უზარზარ ქონებას“ მიაწერდა. ზაალ ანჯაფარიძემ მეუფე იობი ხელისუფლების „სამშვიდობო პოლიტიკის“ დაკნინებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ის „ამბიონიდან უბრალოდ ცრუობს“, – წერს ISFED.
ISFED- ის თანახმად, პროპაგანდისტული ეკოსისტემის ორგანულ გავრცელებას რეკლამაც დაემატა. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში სულ მცირე ოცი რეკლამა იძებნება, რომლებიც მეუფე იობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მომავალში ქართველმა ხალხმა უკეთესი უნდა აირჩიოს. მან, ასევე, ისაუბრა კორუფციაზე, ახალგაზრდებში ნარკომანიის გავრცელებაზე, აზარტულ თამაშებზე, ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებულებასა და 2021 წელს გაჟონილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. დოსიეებზე, რომლებშიც სასულიერო პირების თვალთვალის მასალები იყო გამოქვეყნებული. ქადაგებაში მეუფე იობმა წინა ხელისუფლებაც ახსენა და თქვა, რომ „ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა – გასაგებია, გადაირჩია ერმა.“
ამ განცხადებების შემდეგ მეუფე იობის წინააღმდეგ პარტია „ქართული ოცნების” ლიდერები / წევრები და პარტიის პროპაგანდისტულ ქსელში შემავალმა სუბიექტები გააქტიურდნენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა მეუფე იობის საწინააღმდეგო კამპანია ფეისბუქზე, როგორ გავრცელდა იდენტური ციტატები ათეულობით გვერდზე რამდენიმე წუთის სხვაობით და როგორ გაზიარდა წლების წინანდელი ვიდეოები ახალი კონტექსტით.თავდაპირველად, მეუფე იობის ქადაგება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკრიტიკეს. დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა მეუფის შეფასებებს უპასუხისმგებლო უწოდა და თქვა, რომ სამწუხაროა, როცა მაღალი რანგის სასულიერო პირი ამბიონს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. დეპუტატმა მარიამ ლაშხმა კი ჟურნალისტებს მათი კითხვის საპასუხოდ უპასუხა: „ღმერთმა აპატიოს“.
netgazeti