WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე “გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.

„სამინისტრო რა შუაშია, გეუბნებით დასკვნას ველოდებოდით. დასკვნა სანამ არ იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენ არ ვიცოდით იქ რა მდგომარეობა იყო,” — აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ დოკუმენტის მიღებისთანავე რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.

მისივე თქმით, უწყება ვერც ერთი ბავშვის, პედაგოგისა თუ თანამშრომლის სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებდა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სამინისტრო პირობას დებს, რომ სწავლის უწყვეტობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი (თუმცა არა 21-ე სკოლის შენობაში) და მოსწავლეებს უახლოეს დღეებში ალტერნატიულ მოდელს შესთავაზებენ. 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურულ გეგმას კი, უახლოეს დღეებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაასაჯაროებს.

ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 21-ე სკოლის შემთხვევა არ არის ერთეული და იდენტური ვითარებაა 130-ე სკოლაშიც. რესპონდენტმა დაადასტურა პრობლემა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესები დიდი ხანია გრძელდება.

„რა გრძელდება დიდი ხანია?”, ჩაეკითხა ჟურნალისტი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა ბიუროკრატიულ შეფერხებებზე:

„ის, რომ სამხარაულის დასკვნა მოდის გვიან, ან იწყებენ რემონტს და შუაში ხდება დასკვნის გაკეთება. ჩვენი უწყება, როგორც კი იღებს კონკრეტულ დასკვნას, მყისიერ რეაგირებას ახდენს. სანამ ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, ჩვენ ელემენტარულად არც გვაქვს კომპეტენცია, რომ განვსაზღვროთ, ეს შენობა არის მდგრადი სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის თუ არა“.

მინისტრმა სკოლების რეაბილიტაციის რთულ ჯაჭვურ პროცესზეც ისაუბრა და განმარტა, რომ განათლების სამინისტრო მხოლოდ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ხოლო უშუალოდ აშენება-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) დაქვემდებარებაშია, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ სამხარაულის ექსპერტიზას ეყრდნობა.