მნიშვნელოვნად შემცირდა ლანძღვა-გინება – დარახველიძე

2 hours ago 4

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ე.წ. სქროლვა-სქრინვის სააგენტოს ამოქმედების შემდეგ, სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, ეს იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილები, მაგრამ აქ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უხამსობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ სამმართველო მარტო ერთი კონკრეტულ მხარის სასარგებლოდ მოქმედებს. კარგად ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯარო სივრცეში…

ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. ეფექტი არის ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები,“- განაცხადა დარახველიძემ.

უკვე 3 კვირაა, რაც შსს-ს ბაზაზე სოციალური ქსელებში გამოხატვის თავისუფლების მაკონტროლებელი სამმართველო ფუნქციონირებს. მას ოფიციალურად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ჰქვია, თუმცა ოპონენტები „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტოს ეძახიან.

სამმართველოს ხელმძღვანელი თამთა ქიმბარიშვილია. შსს-ს სტატისტიკით, მუშაობის დაწყებიდან ორ კვირაში სამმართველომ სასამართლოს 60-მდე საქმე წარუდგინა. 15 ივნისის მდგომარეობით, 60-მდე საქმიდან სასამართლო განხილვა დასრულებული იყო 7 საქმეზე.

სრულად წაკითხვა