საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრები სრული შემადგენლობით ხვალ, 2 სექტემბერს შეიკრიბება.
ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ნაკრების შანსებზე და მოახლოებული მატჩებზე ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კაშიასთვის მეხუთე შესარჩევი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ჯგუფში ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან რთული და ჩვენთვის უხერხული მეტოქე გვყავს. რაც შეეხება თურქეთს და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველა ნაკრებთან რთულია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურ დონეზე უნდა ითამაშოს წარმატებას რომ მივაღწიოთ. თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. მეტოქეს კარგად ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატიდან. ჩვენი მეზობლები არიან და განსაკუთრებული თამაში იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგ გარემოს შექმნიან, დაგვეხმარებიან და კარგ სტარტს ავიღებთ.
რთული იქნება ბულგარეთთან მატჩიც. მოკლე დროში გვიწევს ორი თამაშის ჩატარება. თუმცა, პირველ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, მეორე თამაშს დადებითი ემოციებით შევხვდებით და უნდა მოვახერხოთ გამარჯვების მოპოვება.
გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან კარგია, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობენ. სანაკრებო დონეზე გამოცდილება აუცილებელია და სწორედ ევროტურნირებზე თამაშით იძენენ ამ გამოცდილებას. ნაკრებისთვის ძალიან კარგია, რომ ტოპ ლიგებში გვყავს ფეხბურთელები. ამიტომ, კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ თამაშები და მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რაც ძალიან რთული გზა იქნება".
nakrebi.ge