მეუღლის მონათხრობის თანახმად, ბოლო სამი პაემანია, ნინო დათაშვილი ვეღარ ადის პაემნების ოთახში მდებარე კიბეებზე და შეხვედრები პირველ სართულზე, ნახევრად ღია დერეფანში იმართება, სადაც პერიოდულად ციხის თანამშრომლები მოძრაობენ.
„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით. ოთახში, სადაც უნდა მენახა, ძლივს ავიყვანეთ (კიბის ერთ საფეხურზეა ფეხი ასაწევი). სკამზე დასმაც გაგვიჭირდა, რომ მისთვის ტკივილები კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა“, - წერს ის.
მისივე ინფორმაციით, ნინო დათაშვილს თვეზე მეტია მარჯვენა ფეხი და ხელი გაშეშებული აქვს, ხოლო ბოლო დღეებში მარცხენა კიდურების ტკივილიც დაემატა.
აგვისტოს სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მას სჭირდება ხერხემლის დამატებითი ოპერაცია, რადგან 2019 წელს გაკეთებული წელის დისკის ოპერაციის შემდეგ განვითარებული პრობლემები გამწვავდა.
„თუ ადრე წელს ქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ შესაძლო მოწყვეტა გახდა სანერვიულო!“ - ამბობს მისი მეუღლე.
ციხის პირობებზე
გოდერძი ფრუიძე ასევე აღწერს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ საცხოვრებელი პირობებს.
მეუღლის თქმით, კამერაში - „ადაპტირებულ ოთახში“ - პირობები არასათანადოა და შესაძლოა მისი ჯანმრთელობის გაუარესებას კიდევ უფრო უწყობდეს ხელს.
„კვებაზე სერიოზული შეზღუდვაა, საპირფარეშო არის „ჩეჩმა“, რკინის ვიწრო საწოლი, ლეიბი-ბუტაფორია, რომელიც საწოლზე სრიალებდა და ვარდებოდა; საბანი ისეთი იყო, ნინო ვერ იფარებდა და მთელი ზაფხული იყო უსაბნოდ, კონვერტის ამარა, სანამ არ გაურთულდა მდგომარეობა და სამი თვის თავზე არ დაგვრთეს პლედის შეტანის უფლება“, - წერს ის.
მისი თქმითვე, სექტემბრის შუა რიცხვებში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაინც არ გადაიყვანეს საავადმყოფოში „წესიერი რეაბილიტაციისათვის“ - „გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ ადაპტირებულ ოთახში, სადაც საწოლი მაინც ხისტია, უბრალოდ ჩეჩმის ნაცვლად უნიტაზია და შხაპიც პრივატულად არის, თუმცა თუ ნინო ისეთ სიტუაციაშია, მოძრაობა უჭირს, ეს შხაპი ვერაფერი ხეირია ორ კვირაში ერთხელ წვალებით ბანაობისთვის“.
„ამას ისიც ემატება, რომ ამ ადაპტირებულ საკანში ამ დილით კანალიზაციას ამოუხეთქავს და პარკეტზეც გადმოსულა, რის მერეც პარკეტმა შეიწოვა და კედლებიც 40 სანტიმეტრამდე სველი/ნესტიანიაო, გათბობა 30-ზე დავაყენე, იქნებ დროზე გამოშრეს, რათა ნესტმა კიდევ უფრო არ დამინგრიოს ჯანმრთელობაო“, - წერს დათაშვილის ქმარი.
„სოცმუშაკი ახალგაზრდა კაცი და ციხის თანამშრომელი ქალი შეესწრო ამ საუბარს და იმ ქალმა, პრობლემა ხომ მოგვარდაო... ტუალეტის სუნში და ბაქტერიებში რომ უნდა გაატაროს ისედაც დაუძლურებულმა და ცუდად მყოფმა ნინომ დღეები თუ თვეები, ამას უწოდებს ეს ქალბატონი „მოგვარებას“?! - წერს ის ფეისბუკზე
ნინო დათაშვილი 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„9 ივნისს რომ საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა იძალადეს ნინოზე და ათრიეს დერეფანში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაუზიანეს ნაოპერაციევი ხერხემალი და ასევე დაუზიანეს კისერიც. იმის ნაცვლად, გამოძიება დაწყებულიყო მის მიმართ ძალადობის საქმეზე, აქეთ მოსდეს შარი და უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში“, - აცხადებს გოდერძი ფრუიძე.
„ფატალური შედეგის რისკი“
მანამდე ადვოკატმა ელისო რუხაძემ კოლეგასთან ერთად საპატიმროში პედაგოგ ნინო დათაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი შოკირებულები არიან დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
„ახლახან გამოვედით მე და თამუნა გაბოძე [PHR-ის ხელმძღვანელი] ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულებიდან. ნინო დათაშვილის ნახვის შემდეგ შოკირებული ვართ“, - წერს ელისო რუხაძე.
მისი თქმით, დათაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შეუქცევადი და სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში“, - წერს იგი.
„მოვუწოდებ ყველა უწყებას, მათ შორის, პროკურატურას, თავად იმოქმედოს, [რათა] თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი, ვინაიდან ნინო არის არაადამიანურ და წამების ტოლფას მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და კისერს ვერ ამოძრავებს“, - აცხადებს რუხაძე.
„ადვოკატებსაც კი გაგვიჭირდა დიდხანს მასთან დაყოვნება და დოკუმენტზე ხელმოწერა გაუჭირდა ადამიანს“, - ამბობს იგი.

1 day ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·