საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის 1/8-ფინალში ისტორია დაწერა და საფრანგეთი 10 ქულის სხვაობით, 80:70 დაამარცხა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, გუშინ სერბეთი გამოაგდო და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, თორნიკე შენგელიამაც გააკეთა.
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ გამარჯვებას. მოკლედ რომ ავღწეროთ, დღეს ისტორია დავწერეთ..
ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დამსახურება, თითოეული ჩვენთაგანის ჩადებული შრომის შედეგი პირველივე დღიდან.
ვართ ძალიან გახარებულები, ისევე როგორც ჯგუფიდან გასვლის დროს ვიყავით - მაგრამ არა კმაყოფილები!
დღეს საღამოდანვე დავიწყებთ ფინეთთან თამაშისთვის მომზადებას. ერთი რასაც დავამატებდი, ძალიან, ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდელებით, მწვრთნელებით, სტაფით, აბსოლუტურად ყველათი.
ასევე ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამხელა გზაზე საგულშემატკივროდ ჩამოვიდა და ერთი წამითაც არ გაჩერებულან, ამით კი არც ჩვენ გვაძლევდნენ მოდუნების საშუალებას, თითოქს თბილისში, სახლში ვთამაშობდით.
მადლობას ვუხდი ყველა იმ ქომაგს, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და შორიდან გვადევნებდა თვალ-ყურს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან მიუხედავად შედეგისა
", - განაცხადა შენგელიამ.