ისრაელური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზაში ვითარების სტაბილიზაციისთვის იგეგმება კირიათ-გათში (ისრაელის სამხრეთით) განთავსებული სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეორგანიზაცია ღაზის დახმარების საერთაშორისო ცენტრად. ცვლილებების ერთ-ერთი არსი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნების წრის დაპატარავებაა გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად და ეფექტურად მისაღებად.
ცენტრის რეორგანიზაციასთან ერთად, გაიზრდება საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების როლიც. ეს არის საერთაშორისო სამხედრო/საპოლიციო კონტიგენტი, რომელმაც ღაზის სექტორში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში - მას შემდეგ, რაც ისრაელი ჯარებს სრულად გაიყვანს და ჰამასის განიარაღება მოხდება.
ისრაელის Channel 12-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში მონაწილეობის შესახებ, მოლაპარაკებები მიდის ვიეტნამთანაც. თანხმობა სამხედრო ძალების გაგზავნაზე უკვე გაცხადებული აქვთ საბერძნეთს, მოროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს. სამშვიდობო კონტიგენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის არ იყოს აღქმული როგორც "დასავლური, ან ისრაელის ახალი ოკუპაცია."
ეს ცნობები ამერიკის პრეზიდენტის მშვიდობის საბჭოს არ უარუყვია.
„მე-12 არხი“ იუწყება, რომ საბჭოს მათთვის გაკეთებული კომენტარის მიხედვით, გრძელდება მმართველობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის გეგმების წინ წაწევა ღაზაში, „ძალისხმევის ოპტიმიზაციისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით“.
საქართველოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ საკითხზე დუმილის პარალელურად, საქართველოდან სამშვიდობო მისიის ღაზაში გაგზავნის შესაძლებლობას გამოეხმაურა ფეისბუკ ანგარიში ქეთევან მიქიაშვილის სახელით, რომელსაც ხშირად ციტირებენ ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიები. ის წერს, რომ ისრაელის მხრიდან საქართველოსთვის ღაზაში სამხედრო ძალის გაგზავნა აქარწყლებს ხმებს და წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ მოქმედი ხელისუფლება ირანის მოკავშირეა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·