WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მოლდოვის მთავრობამ დაადასტურა, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავის გაფრენა მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის გამო შეფერხდა. ამასთან, კიშინოვის თანახმად, თვითმფრინავს უშუალო საფრთხე არ შექმნია.

  • უკრაინის პრეზიდენტი მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვიდან გაემგზავრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სადაც 8-9 სექტემბერს იმყოფებოდა, ნორვეგიის მეფის, ჰარალდ მეხუთის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

9 სექტემბერს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს, რომლითაც კიშინიოვიდან ოსლოში უნდა ჩასულიყო, „კინაღამ დრონი მოხვდა".

წინა დღეს, 8 სექტემბერს მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი შევიდა და ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნორვეგიის პრემიერის განცხადების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ ცნობა ზელენსკის თვითმფრინავისთვის შექმნილი საფრთხის შესახებ გადაჭარბებულია.

მოგვიანებით ნორვეგიის პრემიერის ოფისში მედიას განუმარტეს, რომ სტიორეს მიერ ნახსენებმა ინციდენტმა მოლდოვიდან ზელენსკის გაფრენა შეაფერხა, თუმცა უცნობია, რამდენად ახლოს იყო დრონი თვითმფრინავთან.

9 სექტემბერს საღამოს მოლდოვის სააგენტო „მოლპრესმა“ გაავრცელა მთავრობის წარმომადგენლის დუმიტრუ ჩორიჩის კომენტარი, რომ 8 სექტემბერს უკრაინის მხრიდან რუსული დრონის შეღწევის გამო მოლდოვის საჰაერო სივრცე დაახლოებით ერთი საათით დაიკეტა, რამაც გამოიწვია სამი თვითმფრინავის გამგზავრების და ოთხის მიღების შეფერხება.

ჩორიჩის თანახმად, ამავე მიზეზით დაგვიანდა კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავის გამგზავრებაც და მან ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა რუსული დრონის ჩამოვარდნა აეროპორტიდან დაახლოებით 160 კილომეტრში.