მონტენეგროს პოლიციამ დააკავა ომის მხარდამჭერი რუსული პროექტის, ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი მიხაილ ზვინჩუკი, მისი ცოლი ვალერია და პროექტთან კავშირის მქონე კიდევ სამი ადამიანი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Z ომის მხარდამჭერებისა და პროპაგანდის გამავრცელებელთა სიმბოლო გახდა.
მონტენეგროს მედიასაშუალებების, Pobjeda-ს და Vijesti-ს ინფორმაციით, ზვინჩუკი და სხვები 9 ოქტომბერს დილით დააკავეს ქალაქ რისნოში. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც.
გამოცემა Vijesti-ს თანახმად, მონტენეგროს სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ „რიბარის“ წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ და რამდენიმე დღის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთის საელჩო მონტენეგროში არკვევს მიხაილ ზვინჩუკის დაკავების გარემოებებს.
- მიხაილ ზვინჩუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
- ზვინჩუკის წინააღმდეგ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციები მოქმედებს.
- ევროკავშირი „რიბარს“ ადანაშაულებს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასა ე.წ. ჰიბრიდულ ოპერაციებთან კავშირში.
radiotavisupleba ახალი ამბები