მადრიდის "რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და კლუბის მთავარი სამიზნე კვლავ იბრაჰიმა კონატე აღმოჩნდა.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ 26 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი 50 მილიონ ევროდ შეაფასა და მზად არის, მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი აუნთოს.
კონატე მერსისაიდულ კლუბს 2021 წელს შეუერთდა "ლაიფციგიდან“ და მას შემდეგ "ენფილდზე“ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ფიგურად ჩამოყალიბდა. მის ანგარიშზეა როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი. მოქმედი კონტრაქტი კი ფეხბურთელს "ლივერპულთან“ 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
"რეალს“ დაცვის ცენტრში უკვე აქვს გამოცდილი ედერ მილიტაოსა და ანტონიო რუდიგერის დუეტი, თუმცა ტრავმებისა და დატვირთული კალენდარის გათვალისწინებით, "ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა დამატებით სიღრმეს ეძებს. სწორედ ამ კონტექსტში იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერი ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება.