თბილისში, რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარედ, სადაც მოსამართლეები 12 იანვარს კორპორატიულ ღონისძიებას მართავდნენ, სიტუაცია მას შემდეგ დაიძანა, რაც იქ მისულ მოსამართლეებს გაბრაზებული მოქალაქეები, მათ შორის პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრები დახვდნენ. რესტორანთან მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე ასევე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. საღამოს, როდესაც მოსამართლეების ნაწილი პოლიციის ესკორტით რესტორანს ტოვებდა, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ, რამდენი ადამიანია დაკავებული და რა ბრალდებით.
კორპორატიულ ღონისძიებას წინ უძღოდა 10 იანვარსა და 11 იანვარს ორი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 19 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ. გადაწყვეტილებებს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მწვავე კრიტიკა მოყვა იმ ფონზე, როდესაც, როგორც მიიჩნევა, ის „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ იმყოფება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ე,წ, „სასამართლო კლანის“ რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის აშშ-ის, ესტონეთის, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
„კორუმპირებული სასამართლო აუქმებს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“, – წერია ბანერზე, რომელიც აქციის მონაწილეებს ეჭირათ რესტორნის შესასვლელთან. „ყველგან მოსამართლე, არსად სამართალი“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ზოგიერთ მოსამართლეს რესტორანში უკანა კარიდან მოუწია შესვლა. მომიტინგეები მათ უყვიროდნენ: „მონებო!“
„გუშინ შოუ დადგეს [სასამართლოში] და დღეს ქეიფობენ. როგორ უნდა იარსებონ, ან როგორ უნდა შეხედონ საკუთარ შვილებს თვალებში? სირცხვილი ყველა მოსამართლეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პატიმარ ზვიად ცეცხლაძის დედამ.
რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც ღონისძიება ადრე დატოვა, პოლიციის თანხლებით მოუწია რესტორნის დატოვება. აქციის რამდენიმე მონაწილემ მათ კვერცხები ესროლა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დანარჩენმა მოსამართლეებმა რესტორანი შუაღამისას დატოვეს მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილას პოლიციის დიდი რაოდენობა, მათ შორის სპეცრაზმი მივიდა. მათ რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სპეციალურად მიყვანილ ავტობუსში ჩასხდნენ.
შუაღამისას აქციის მონაწილეები და პოლიცია კვლავ ადგილზე იმყოფებოდა.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)