მოსამართლემ შეაჩერა ტრამპის განკარგულება დაბადებით მოქალაქეობის უფლების შეზღუდვის შესახებ – „არაკონსტიტუციურია!“

8 hours ago 3

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული უცხოელთა ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ.

განკარგულება, რომელსაც ტრამპმა 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს მოაწერა ხელი, ახალ ინტერპრეტაციას იძლევა კონსტიტუციური დებულებისა, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადება, ავტომატურად ხდება ამ ქვეყნის მოქალაქე. ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს ნორმა არ უნდა ეხებოდეს იმ უცხოელთა შვილებს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან უკანონოდ, ან თუნდაც კანონიერად, მაგრამ შეზღუდული ვადით.

Jus soli-სთან დაკავშირებით ტრამპის ამ ახალი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ის პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის როგორც თავად კონსტიტუციურ შესწორებასთან, რომელიც 1868 წელსაა მიღებული, ისე ამერიკული სასამართლოების მიერ მისი ინტერპრეტაციის 100 წელზე მეტი ხნის ისტორიასთან. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და რამდენიმე ქალაქის და 22 შტატის მთავრობებმა ფედერალურ სასამართლოებში სარჩელები შეიტანეს. ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა ნიკ ბრაუნმა  ტრამპის ამ განკარგულებას „ანტიამერიკული“ უწოდა.

აღნიშნული სარჩელთაგან პირველები, რომლებიც ვაშინგტონის, არიზონის, ილინოისისა და ორეგონის შტატებმა შეიტანეს, ქალაქ სიეტლში (ვაშინგტონის შტატი) განიხილა ფედერალურმა მოსამართლე ჯონ კოფენურმა. აღსანიშნავია, რომ იგი რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის დანიშნულია. „ბიბისის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა, სხდომა 25 წუთამდე გაგრძელდა.

როდესაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ადმინისტრაციის პოზიციის ახსნა დაიწყო, მოსამართლემ შეაწყვეტინა და პირდაპირ ჰკითხა: „არის თუ არა კონსტიტუციური ეს ბრძანებულება?“ ადმინისტრაციის იურისტი პასუხის გაცემას შეეცადა, თუმცა მოსამართლემ ისევ გააწყვეტინა: „ეს აშკარად ანტიკონსტიტუციური ბრძანებულებაა“.

„გულახდილად რომ ვთქვა, იმის გაგებაც კი მიჭირს, როგორ შეუძლია პროფესიონალ იურისტს ასე ერთმნიშვნელოვნად ამტკიცოს, რომ ეს განკარგულება კონსტიტუციურია“, – დასძინა კოფენურმა.

ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება 19 თებერვალს უნდა შევიდეს ძალაში და გავრცელდეს იმ ბავშვებზე, რომლებიც ამ დღეს და შემდგომში დაიბადებიან. მოსამართლემ მისი მოქმედება 14 დღით შეაჩერა მომავალ სასამართლო სხდომებამდე.

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება, ეს გადაწყვეტილება უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივროს, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს.

ნანა ძნელაძე

ტრამპი ამერიკას „ოქროს ხანას“ ჰპირდება – 47-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო (ვიდეო)

სრულად წაკითხვა