რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთი ამჟამად განვითარების გზის არჩევის ეტაპზე იმყოფება, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან, მისი თქმით, რუსეთი და სომხეთი საუკუნეების განმავლობაში “მოძმე ქვეყნები“ იყვნენ.
„ამჟამად სომხეთი და სომხეთის ხელმძღვანელობა გზაგასაყარზე დგანან. ქვეყნის ხელისუფლება საუბრობს განვითარების მომავალი გზის არჩევაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საუკუნეების განმავლობაში რუსეთი და სომხეთი ძმური ქვეყნები იყვნენ“, – ციტირებს პესკოვის სიტყვებს სააგენტო TASS.
პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ ერევანი არჩევანს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სასარგებლოდ გააკეთებს, რადგან, მისი შეფასებით, “ეს ინტეგრაციული გაერთიანება სომხეთისთვის გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე ევროპის კავშირში შესაძლო გაწევრიანება”.
„დარწმუნებული ვართ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. ასევე გვჯერა, რომ ჩვენი ინტეგრაციული მოდელი თავისი ხარისხობრივი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ალტერნატივებს. ვიმედოვნებთ, რომ არსებული ვითარების ანალიზის შედეგად ამავე დასკვნამდე მივლენ როგორც სომეხი ხალხი, ისე სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება“, – განაცხადა პესკოვმა.

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·