29-დან 30 ივნისის ღამით და გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის შემოგარენში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ტელეგრამ არხზე 30 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, ოლქის ქალაქ ეგორიევსკში დრონი კერძო სახლს მოხვდა, დაიღუპა ექვსი თვის ბავშვი. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
გუბერნატორის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის ცამეტ რაიონში, მათ შორის დომოდედოვოში, დუბნაში, რამენსკოეში, ოდინცოვოსა და კოლომნაში მოიგერია 60 უპილოტო საფრენი აპარატი.
ვორობიოვის ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ დუბნაში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. კონკრეტული დაწესებულება გუბერნატორს არ დაუსახელებია.
- ერთი კვირის წინ, 22 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრს.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 30 ივნისს დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა რომ 29 ივნისის საღამოს რვა საათიდან მოსკოვის მისადგომებთან განადგურებულია 61 უპილოტო საფრენი აპარატი. სობიანინს არც მოუგერიებელი დრონების რაოდენობა დაუსახელებია და არც შეტევის შედეგები.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მორიგი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

3 weeks ago
38







English (US) ·
Georgian (GE) ·