„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ენმ-ში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, მისთვის მოულოდნელი იყო.
ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილება იმპულსური და არათანმიმდევრულია.
„პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი მე წავიკითხე როდესაც გზაში ვიყავი, რომ ეს ბრიფინგი ჩამეტარებინა… თქვენ გახსოვთ, რომ 6 დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა პოსტი, სოციალური ქსელით მისი ოფიციალური გვერდის გამოყენებით, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ენმ-ს გაძლიერებისთვის.
მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის იმიტომ, რომ ჩემი 2-წლიანი ვადა, რომლითაც პარტიულმა ყრილობამ 2024 წლის 8 ივლისს ამირჩია, დაახლოებით ერთ თვეში იწურება. ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში, პარტიის გაძლიერების მიზნით.
ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე [მომავალმა] გზად წავიკითხე მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით გავჩერდებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს, 17 ივნისს, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. ამის შესახებ მე-3 პრეზიდენტის განცხადება მის ფეისბუკ-გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილის თქმით, ერთიან ნაციონალ მოძრაობაში ცვლილებები იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. სააკაშვილის თქმით, ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.
ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პირველი განცხადება 10 ივნისს გაავრცელა. მაშინ სააკაშვილმა თქვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი პარტიას რეფორმირებისთვის შეუერთდებიან და ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებებს განახორციელებდნენ.
თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა კი 1 კვირის წინ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა.
„მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით – ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც არის. მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე. ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩვენზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია. უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, ვის რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე და ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არის მეორე, მაშინ, როდესაც ხაბეიშვილი ციხეშია და ეს პარტიას ძალიან დაეტყო, მნიშვნელოვანია, შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი. მე ჩემს თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას“, – აცხადებდა ნანუკა ჟორჟოლიანი.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·