სასამართლო პროცესზე მოღიმარი ბიჭი, რომლის ფოტო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების საქმეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილია.
ის 4 დეკემბერს თბილისში, საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ირაკლი მიმინოშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიმინოშვილს და კიდევ 7 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, რადგან მიიჩნია, რომ ისინი მიიმალებიან, მოახდენენ მოწმეებზე ზემოქმედებას ან მტკიცებულებებს გაანადგურებენ.
ირაკლი მიმინოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.
„სხვანაირი გეგმები ჰქონდა, კულინარიულ აკადემიაში უნდოდა სწავლა, მაგრამ ჯარის გამო ასე გადაწყვიტა. თსუ-ში მენეჯმენტზე ჩაირიცხა, სულ თავისი შრომით, რეპეტიტორების დახმარების გარეშე და გრანტიც აიღო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი მიმინოშვილის დედა, ელენე ხუნდაძე.
19 წლის სტუდენტი სწავლის პარალელურად მიტანის სერვისის კომპანიებში კურიერად მუშაობდა „ასე ოჯახსაც ეხმარებოდა და საკუთარი ფულიც ჰქონდა“, - ამბობს მიმინოშვილის დედა და ამატებს, რომ მისი შვილი ყოველთვის გამოირჩეოდა სწორი სამოქალაქო პოზიციით, პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი და არც რომელიმე აქტივისტურ გაერთიანებასთანაა აფილირებული.
პოლიცია ახალგაზრდა კაცის სახლში ჩხრეკისთვის ნაშუადღევს, 2 საათისთვის შევიდა - ამ დროს სახლში მხოლოდ ირაკლი და მისი და, ლიზა მიმინოშვილი იმყოფებოდნენ. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ადვოკატის გარეშე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და წვრილმანი ტექნიკა.
„კერძო სახლში ვცხოვრობთ, ეზოში ორი ოჯახი ვართ და ამ ეზოში ჩემს მეზობელსაც შეუვარდნენ. ანგრევდნენ კარს, ირაკლის ეძინა, დღის ორი საათი იყო... ჯერ მეზობელთან შევარდნენ ბრახუნით და ღრიალით, ხმაურზე გაეღვიძათ ჩემს შვილებს. შემდეგ გადმოინაცვლეს ჩვენს კარებთან...
"დამიჯერე, უფრო კარგ პირობებში იქნები ციხეშიო", - ასე უთხრეს დაკავების შემდეგ“, - იხსენებს ელენე ხუნდაძე ჩხრეკის დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილის ზარის შემდეგ, სამსახურიდან დაუყოვნებლივ სახლში წავიდა, შვილს ვერ მიუსწრო, პოლიციას ირაკლი უკვე დაკავებული ჰყავდა. დედას შეუთვალეს, ორთაჭალის განყოფილებაში მოდიო.
„ვისთანაც მოვასწარი, მივწერე ყველას, ადვოკატის მოსვლამდე არ ვაპირებდით კარის გაღებას, თუმცა დაიწყეს წიხლების რტყმა და კარის შემონგრევა, ფანჯარა ღია გვქონდა და გადაწიეს ფარდა, ღრიალებდნენ და ხელებს იქნევდნენ იქიდან“, - ამბობს ირაკლის და, ლიზა მიმინოშვილი.
მისივე თქმით, შეუზღუდეს ვიდეოგადაღების უფლება და არ უპასუხეს არცერთ კითხვას, რომელიც გამოძიებას ეხებოდა:
„პასუხი იყო, რომ სასამართლოში გავარკვევდით და მათ მხოლოდ დაკავება ევალებოდათ.
არ ვიცი, ყველგან იყურეთ და ნებისმიერ წამს ელოდეთ ამ აბსურდს, რომელშიც დაუსაბუთებელი ქვის სროლის ფაქტი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ცემით სიკვდილამდე მიყვანა კანონიერია“.
ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, სადაც პირბადიანი და შავსაწვიმრიანი კაცი ორჯერ ისვრის რაღაც ნივთს. მის უკან აქციის სხვა მონაწილეები არიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ირაკლი მიმინოშვილია, რომელიც პოლიციას ქვას ესვრის.
დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
„სახელმწიფო ფაქტობრივად ჩადენილ დანაშაულს არ ედავება. ეს არის მუხლი, რომელსაც ყველაფერს მოარგებ, შედეგი ამ დანაშაულისთვის არ არის აუცილებელი, პროკურატურა არ ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა რამე დაამტვრიეს ან ვინმე დააზიანეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ერთი ბრალდებული, პირობითად - ზვიად ცეცხლაძე, აორგანიზებდა ძალადობას კიდევ რამდენიმე ბრალდებულთან ერთად - ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ - დანარჩენები მონაწილეობდნენ ამ ჯგუფურ ძალადობაში ისე, რომ არ იცოდნენ“, - ამბობს ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც დავით ხომერიკის, გიორგი გიორგაძისა და ონისე ცხადაძის უფლებებსაც იცავს.
სამივე მათგანი 28 ნოემბრის შემდეგ აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. მათგან მხოლოდ ერთს - დავით ხომერიკს ედავებიან აფეთქების მომზადებას, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მისი სახლიდან ჩხრეკის დროს მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს. დანარჩენები ჯგუფური ძალადობის საქმეებზე არიან დაკავებულები. ყველა წინასწარ პატიმრობაშია.
28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს.
„წინასწარ გავაფრთხილე, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სისულელეა. ეს რომ ვუთხარი - თვალები გაუფართოვდათ და მითხრეს: სასამართლო ხომ განიხილავს ჩვენს საქმეს, მოსამართლე მიხვდება, რომ იტყუებიან და გაგვამართლებსო. გულუბრყვილობით სჯეროდათ, რომ სასამართლო რამეს დაინახავდა, მაგრამ სასამართლოს არ აქვს ეგეთი სინდისი. ამ ახალგაზრდებს სამაგალითოდ სჯიან, სასამართლო პოლიტიკურია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა თუთბერიძემ.
ირაკლი მიმინოშვილის დედა, ელენე ხუნდაძე, იქამდე, სანამ შვილის ნახვის უფლებას მიიღებდა, ყოველდღე გლდანის ციხესთან მიდიოდა და მის წინ მოწყობილ სკვერში ჯდებოდა შეგრძნებით, რომ „შვილთან ახლოს იყო“. ის 2025 წელსაც ციხესთან შეხვდა, სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად.