მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება

2 weeks ago 10

აქციების საქმეზე დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

რადიო თავისუფლებასთნ საუბარში დაკავებულის ადვოკატი, მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი] მონაწილეობას ედავება.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალის დადგენილებაში ფაქტობრივი გარემოებები და აღწერილობა ანდროს საქმესთან კავშირში არაა.

"ბლანკეტურად ჩაყრილია აქციის მიმდინარეობის ფაქტები. ისეთი ადამიანების სახელი და გვარებია დადგენილებაში, რომელთაც ანდრო საერთოდ არ იცნობს და ამის ფონზე, მას რომ აბრალებენ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას, არის აბსურდი", - ამბობს მარიამ ქაჯაია.

ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება.

მსახიობის დაკავებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი, მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

„თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს“, - წერს წულუკიძე ფეისბუკის „სთორიში“ და აქვეყნებს ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს.

ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში 5 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალად ედება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება“.

ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დემონსტრაციები, - რომლებთან დაკავშირებითაც არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაწილი სისხლის სამართლის წესით, - თბილისში და საქართველოს ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.

პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა არა მხოლოდ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესროდნენ, არამედ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც. ფიზიკურად იძალადეს მედიის არაერთ წარმომადგენელზეც.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

სრულად წაკითხვა