მსოფლიო ვარსკვლავები პაატა ბურჭულაძეზე

9 hours ago 4

Paata burოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის პატიმრობას მსოფლიო ვარსკვლავები ეხმაურებიან და ხელოვანის 7 წლით ციხეში გამოკეტვას აპროტესტებენ. მათთან ერთად პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად მსოფლიო მედიაც ერთიანდება. გარდიანი, როიტერსი, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის წამყვანი კულტურული გამოცემები ოპერის ქართველი ვარსკვლავის დაპატიმრებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან. ინისი პაატა ბურჭულაძის დაჭერას პოლიტიკას უკავშირებენ. ქართველი ბანი უყურადღებოდ არც საერთაშორისო საოპერო საზოგადოებას დაუტოვებია. პაატა ბურჭულაძის გათავიისუფლებას ითხოვენ კოვენტ-გარდენი, ბრიუსელის „ლა მონე“, ბარსელონას ოპერის თეატრი, მადრიდის სამეფო ოპერა და მიუნხენის სახელმწიფო ოპერის თეატრი.

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის კასტინგის დირექტორმა ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს მოუწოდა, ჩაერთოს 71 წლის პაატა ბურჭულაძის საქმეში, რომელსაც რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე სიმღერისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანულმა გამოცემა “გარდიანმა” გაავრცელა:

– გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო მსოფლიოში ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას – მის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმის მიერ. ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს შორისაა. ბოლო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ხალხისთვის, რომელიც თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მომავლის შესანარჩუნებლად იბრძვის.

პაატა ბურჭულაძის დაპატიმრებას აპროტესტებს იუნისეფის კეთილი ნების ელჩი პარალიმპიური კომიტეტის წევრი და საოპერო მომღერალი მარია გულეგინა:

– საქართველო, როგორ შეძელი, ასე სასტიკად მოქცეოდი შენს საამაყო შვილს, პაატა ბურჭულაძეს! ეს დაუჯერებელია და უბრალოდ შეურაცხმყოფელია დიდი ქართველი ხალხის ისტორიისთვის. ყველამ იცის, რომ პაატა ბურჭულაძე ლეგენდარული მომღერალია, რომელმაც ოპერის ისტორია შექმნა ჰერბერტ ფონ კარაიანთან, ლუჩანო პავაროტისთან და სხვა საკულტო ფიგურებთან თანამშრომლობით. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი მისი საქველმოქმედო ფონდის, „იავნანას“ კეთილი საქმეები და ის, თუ რამდენ ოჯახსა და სტუდენტს დაეხმარა მან ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას უწევდა თავის ქვეყანას ყველაზე მძიმე პერიოდში, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. ის აორგანიზებდა საქველმოქმედო ღონისძიებებს შვეიცარიასა და მთელ ევროპაში, რათა საქართველოში სამედიცინო მედიკამენტები გამოეგზავნა. მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა მრავალი საოპერო მომღერლის კარიერაში. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ; სწორედ პაატამ გამიწია რეკომენდაცია „ლა სკალაში“ და ჩემი საერთაშორისო კარიერა მისი მხარდაჭერით დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული, ის ჩემთვის მეგობარზე და კოლეგაზე მეტია – ის ჩემი ძმაა. ათწლეულების განმავლობაში პაატა ბურჭულაძეს ქართული სული დაჰქონდა მსოფლიო სცენებზე და თავის სამშობლოს საუკეთესო კუთხით წარადგენდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, რამდენიმე დღის წინ, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. და რისთვის? საკუთარი აზრის გამოთქმისთვის? იმისთვის, რომ უარი თქვა ევროპაში კომფორტულ ცხოვრებაზე, რათა თავისი ხალხის გვერდით დამდგარიყო? ეს დაუჯერებელია და უბრალოდ შეურაცხმყოფელია დიდი ქართველი ხალხის ისტორიისთვის.

ოპერის ქართველ ვარსკვლავს ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა აქსელ ბრიუგემანმა წერილი მიუძღვნა:

– სანამ თქვენ ციხეში ზიხართ, ჩემს ყურებში თქვენი ხმა ჟღერს: თქვენი ვერდის „რეკვიემი“ ჰერბერტ ფონ კარაიანთან, თქვენი გრემინი მირელა ფრენის გვერდით, თქვენი რამფისი ლუჩანო პავაროტისთან და თქვენი სილვა ჯოან საზერლენდის გვერდით! თქვენი ბანი ოპერის სამყაროში ჩემს პირველ ნაბიჯებს ახლდა თან. თქვენი ძალა და ენერგია ჟრუანტელს მგვრიდა! ახლა თქვენ ბეტონის კედლებში ხართ მოქცეული. დაპატიმრებული საკუთარ სამშობლოში — საქართველოში — პრორუსული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ პროტესტისთვის, ახალი არჩევნებისთვის მოთხოვნისთვის. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისთვის. თქვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მოთხოვნისთვის. როდესაც თბილისის მოსამართლეებმა განაჩენი გამოგიტანეს, განაცხადეთ, რომ არაფერს ნანობთ. „სახელმწიფო თაღლითები გაქრებიან,“ — თქვით თქვენ, — „როგორც საშინელი კოშმარი, და საქართველოს ცა კვლავ განათდება. ძვირფასო პაატა ბურჭულაძე, ოპერის სცენაზე თქვენ ნამდვილ ცხოვრებას სწავლობდით და ახლა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გაქვთ. თქვენი ცხოვრება თავად იქცა ოპერად. თქვენ 71 წლისას კვლავ ის ახალგაზრდული გული გაქვთ. რაც შეიძლება მალე გისურვებთ ევროპულ ვარსკვლავებს თქვენი სამშობლოს ცაზე.

პაატა ბურჭულაძის გათავისუფლება მოითხოვა ოპერის უკრაინელმა მომღერალმა ალექსანდრე ციმბალუკიმაც:

– თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! მე გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას ყველას მიმართ, ვინც დღეს მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძეს – დიდ მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს, საერთაშორისო მასშტაბის ხელოვანს და ადამიანს, რომლის სახელიც დიდი ხანია გახდა საქართველოსა და მსოფლიოს მუსიკალური კულტურის ნაწილი. პაატას ოცდაათ წელზე მეტია პირადად ვიცნობ როგორც გამოჩენილ ხელოვანს, მენტორს და დიდი სიკეთის მქონე ადამიანს, რომელიც ბევრს დაეხმარა, მათ შორის ვარ მეც. მისი წვლილი ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში უდავოა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ადამიანური და მოქალაქეობრივი პოზიცია: პაატა ყოველთვის იდგა ღირსების, სამართლიანობისა და თავისი ქვეყნის სიყვარულის სადარაჯოზე. არცერთი ადამიანი არ უნდა დაისაჯოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არც შვიდი თვის მანძილზე და მით უმეტეს, არც იმ შვიდი წლის განმავლობაში, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლოზე მიუსაჯეს. შვიდწლიანი პატიმრობა 71 წლის კაცისთვის არ არის მხოლოდ მკაცრი სასჯელი; ეს არის საფრთხე თავად მისი სიცოცხლისთვის. მე ვუერთდები ყველას, ვინც მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ. თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! სინდისის თავისუფლება! თავისუფლება საქართველოს!

მსოფლიო ვარსკვლავების მოთხოვნას შეუთცერთდნენ ოპერის ქართველი მომღერლებიც.

ირაკლი მურჯიკნელი, ოპერის მომღერალი:

– დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა მაგრამ ისეთი მდგომარეობაა რომ სიმართლე უნდა ითქვას, სად არიან ის ადამიანები რომლებიც პაატა ბურჭულაძესთან მისასვლელ ადგილს არ ტოვებდა იქნებოდა ეს კონცერტი, სპექტაკლი თუ სხვა ღონისძიება, ის ჩემი კოლეგები რომლებმაც მისი წყალობით გაითქვეს სახელი, ის ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ყელს გამოგლეჯდნენ ოღონდ იავნანას კონცერტებში მიეღოთ მონაწილებობა, ის ადამიანები ვინც კონკურსებზე, მოსმენებზე თუ ახალგაზრდული პროგრამების შესარჩევ ეტაპებზე პაატას დაფინანსებით მიდიოდით, სად ხართ? კარგად ხართ ქოცებთან? ხმას რატომ არ იღებთ? სიმართლის გეშინიათ? ოჯახი მყავს და სარჩენია, არაა გამართლება, მეც მყავს ოჯახი, და ყველა იმ ადამიანს ყავს ოჯახი ვინც დღეს საქართველოს მომავლისთვის იბრძვის. სად ხართ როცა მსოფლიოს საუკეთესო თეატრები და მომღერლები დღეს პაატას სოლოდარობას უცხადებენ? რატონ დუმხართ?თითქმის ყველა დიდი თეატრი ავრცელებს მიმართვას როგორც ვიცი და არ დაფიქრებულხართ რომ იმ ქართველი მომღერლები ვინც მიყუჩებულები ხართ რბილად რომ ვქვათ თქვენი უცხოელი კოლეგებისგან და თეატრების დირექციებისგან არ იქნენა კარგად აღქმული? ამ საშინელმა ვითარებამ მხოლოდ ერთი კარგი რამ დაგვანახა, დაგვანახა ის თუ ვინ ვინ არის სინამდვილეში! ჩემი სრული მხარდაჭერა პაატა ბურჭულაძეს! საქართველოს უდიდეს საოპერო მომღერალს, პატრიოტს და დიდ პიროვნებას.

ნანა ქავთარაშვილი, ოპერის მომღერალი:

– ბევრჯერ გამოვეხმაურე და თანადგომას ვუცხადებ პაატას. ტელევიზიითაც ვისაუბრე ერთ-ერთ ინტერვიუში. მე ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. სხვა მომღერლების პოზიცია არ ვიცი. ვიცი, რომ თამრიკოც ხშირად ეხმაურება და გიორგი გაგნიძეც. პაატას ციხეში გამოკეტვა ჩემთვის მიუღებელი და დაუჯერებელია! ვგრძნობ, რომ მალე გაანთავისუფლებენ! არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფესიას სცდებიან და ქვეყნის კულტურულ სახედ იქცევიან. პაატა ბურჭულაძე სწორედ ასეთი ადამიანია – არტისტი, რომელმაც მსოფლიო სცენებზე საქართველოს ხმა ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ატარა. შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, შეფასებები და პოზიციები, თუმცა კულტურისა და ადამიანის წინაშე არსებული ღვაწლი არ უნდა დავივიწყოთ. თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს!

ანიტა რაჭველიშვილი, ოპერის მომღერალი:

– ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება და მომღერალი, რომელმაც საქართველო ასახელა მთელს მსოფლიოში! დღემდე ლეგენდები დადის მასზე! უდიდესი ხართ მაესტრო და მთელი გულით და სულით თქვენს გვერდით ვარ!

ნინო ქათამაძე, მომღერალი:

– როდესაც ქვეყნის ყველა ჩინოვნიკი თუ პარლამენტარი კორუმპირებულია, აქვე, მიუხედავად იმისა რომ დახურეს სხდომები, ჯოჯოხეთს უწყობენ მომავლისთვის პროტესტში მყოფ ადამიანებს, მაინც ვხედავთ რა ხდება უსამართლო სასამართლოში! სინდისის პატიმრების საქმეები პასუხის გარეშე არ ჩაივლის! პაატა ბურჭულაძეს სამშობლოს სიყვარულისთვის 7 წელი! ასე უსამართლოდ მხოლოდ დამნაშავეები ექცევიან საკუთარ ხალხს! ჩემი მხარდაჭერა მაესტრო!

თეო ჯორბენაძე, ფონდის “იავნანა” ხელმძღვანელი:

– ვისაც გგონიათ, რომ სიჩუმე და სიფრთხილე სარგებელს მოგიტანთ, გეტყვით რომ ცდებით, შეიძლება ფიქრობთ, რომ “დაგიფასდებათ”, მაგრამ თუნდაც გუშინ დაჭერილებს თუ გადახედავთ ეს იმედიც გადაგივლით. თან პირში ჩაგუბებული წყლით დიდხანს ვერ გაძლებთ, სუნთქვის გართულება იცის.

გოგი გვახარია, კინომცოდნე:

– ადამიანებისგან თითქოს კარგა ხანია არაფერი მიკვირს. მაგრამ პაატა ბურჭულაძის საქმეზე ოპერის თეატრის სამარცხვინო დუმილი მაინც გამაოგნებელი მგონია. მერე გამოვლენ სევდიანი სახეებით და ისაუბრებენ რაოდენ უსამართლოდ მოექცა საქართველო ვახტანგ ჭაბუკიანს. ესაა დღეს სივრცე, რომელშიც ვტრიალებთ – ნეკროფილია, ფარისევლობა და ლაჩრობა.

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი:

– პაატას – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ისტორიული მნიშვნელობის საოპერო მუსიკოსს – 7 წელი მიუსაჯეს. აქვე სპეცრაზმელი დამნაშავეების დაჭერა და დასჯა “დაგვიანონსეს”, ერევანი… უკრაინა… რუსეთი… ირანი… ისრაელი კობახიძე-ზელენსკი…- რაღაც უცნაურ სპირალში ვართ მოქცეულნი და ჩემი ინტელექტუალური მზაობა ვერ პასუხობს კითხვებს და გამოწვევებს. ორკესტრის კონცერტი, მე და ჯეი-ჯეი იოჰანსონი, მერე მე შვეიცარიაში და ისევ უკრაინაში. თან დაბნეული ვარ, თან თითქოს დეპრესიული და ამავე დროს სავსე გეგმებით, ოღონდ მეტწილად უცხოეთში და მაინც ვერ ვხვდები როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ჩვენში, უკრაინაში, მთელს მსოფლიოში. ჯერჯერობით უსამართლობა ბატონობს, მაგრამ შიგადაშიგ გამოსჭვივის მომავლის იმედიც, თუნდაც ბადე-გადახურვა წითელ მოედანზე. ჯერჯერობით აქ დავასრულებ. პ.ს. მაისია და ჯერ ისევ ცივა.

ია საკანდელიძე, მუსიკოსი:

– იგივენაირად…სრული გაურკვევლობა?! ცინიკური უსამართლობა: “შემიძლია და მსოფლიო ბანს 7 წელს მივუსჯი”,…”შემიძლია და ბავშვებს წამალს არ ვუყიდი”, “შემიძლია და ტროტუატზე დგომისთვის სტუდენტ გოგონას დავატუსაღებ”, “ასე მინდა და ლოყაზე ხელის არტყმისთვის ქალ ჟურნასლისტს ციხეში ჩავსვამ”… ცინიზმი?! უსამართლობა?! …“ყველას თავზე დავაჯექიიი! ბაყბარიყაავ ბარიი ბაყ! “ – ციტატა გენიალური სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”!

სრულად წაკითხვა