„ეპიკური მატჩი. ორ გუნდს შორის გამართულ საინტერესო შეხვედრაში, რომლებიც უპრეცედენტო შემტევი თამაშით გამოირჩეოდნენ, „პარი სენ-ჟერმენი“ ბრწყინავდა, სანამ მიუნხენის „ბაიერნი“ ბოლო 2 გოლს გაიტანდა. სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „პსჟ“-მა 5:4 გაიმარჯვა და „ბაიერნს“ ჯერ კიდევ შეუძლია იოცნებოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებაზე განმეორებით მატჩში. ამ განსაკუთრებული შეხვედრის შემდეგ ევროპული პრესა ორივე გუნდის მიმართ ქებას არ იშურებდა“, – წერს ფრანგული „Le Soir“-ი 28 აპრილს „პარკ-დე პრენსზე“ გამართული მართლაც ლეგენდარული მატჩის შემდეგ.
„მსოფლიო შოკშია“, – ეს ესპანური ყოველდღიური AS-ის შეფასებაა; RMC Sport-ის ცნობით, AS-ისთვის ეს მატჩი „ფეხბურთის მონუმენტად“ დარჩება. მათი თქმით: „ეპიკურმა მატჩმა, დიდოსტატურმა ბრძოლამ და ევროპის ორი საუკეთესო გუნდის ბრწყინვალე შემტევმა თამაშმა „პსჟ“ – „ბაიერნის“ დაპირისპირება დაუვიწყარ სანახაობად აქცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დარჩება მეხსიერებაში, როგორც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნახევარფინალი“.
„The Sun“-მა მატჩი „საუკუნის თამაშად“ შეაფასა და დაწერა, რომ უკვე წინასწარ გრძნობს, რა შთამბეჭდავი სანახაობა იქნება მიუნხენში მომავალ ოთხშაბათს საპასუხო მატჩი. „ასეთი უნდა ყოფილიყო ფინალი – მადლობა ღმერთს, რომ ფინალი არ იყო და მომავალ კვირაში ყველაფრის განმეორება შესაძლებელია“.
გერმანიაშიც, „ბაიერნის“ დამარცხების მიუხედავად, შეხვედრამ დიდი მოწონება დაიმსახურა. „Bild“-მა ორივე გუნდს მადლობა გადაუხადა: „მადლობა 90-წუთიანი სუფთა საფეხბურთო ხელოვნებისთვის, – დაწერა ტაბლოიდმა. – წარმოუდგენელ სანახაობაში, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო შემტევი გუნდები მონაწილეობდნენ, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენთან“ 4:5 დამარცხდა. ცხრა გოლი, ორი პენალტი, შანსი ორივე მხარეს: მოკლედ, საუკუნის მატჩი“.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა (8): თავიდანვე ჩანდა, რომ „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაში იყო. მარცხენა ფლანგზე მისმა გარღვევებმა „ბავარიის“ დაცვას – კერძოდ კი, სტანისიჩს – უამრავი პრობლემა შეუქმნა. მისმა გამჭოლმა გარღვევებმა საბოლოოდ, რთული პირველი 20 წუთის შემდეგ, თამაში შემოაბრუნა. ჰარი კეინის მიერ მე-17 წუთზე გატანილი პენალტის შემდეგ მეტოქის კარის მარცხენა კუთხეში ჩვეული დაბალი დარტყმის შედეგად კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა (1:1). ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ (56-ე წუთი) ქართველმა დუბლი შეასრულა. ბარძაყის ტრავმის მიუხედავად (39-ე წუთზე), კვარაცხელიამ შეინარჩუნა ძალა და ძალიან ძლიერად თამაშობდა დაცვაშიც. იგი 84-ე წუთზე მაიულუმ შეცვალა.
კვარას გოლის შემდეგ „პსჟ“-მა თამაში შემოატრიალა. ნევეშმა დემბელეს კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა და 33-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. მომდევნო 4 წუთში გუნდმა კიდევ ორი დიდებული მომენტი შექმნა: დემბელეს დარტყმა ბოლო წამს უპამეკანომ ევრესთან დუელში მოიგერია (35-ე წუთი), შემდეგ კი დუემ მცირედით ააცილა კარს (37-ე წუთი). 41-ე წუთზე „ბაიერნმა“ შეძლო ანგარიშის გათანაბრება თავისი ფრანგი ვარსკვლავის, მიკაელ ოლიზეს წყალობით, რომელიც საჯარიმოს კიდეზე მეტოქე თანამემამულეებმა უყურადღებოდ დატოვეს. 41-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 2:2. „პსჟ“-მა ძლივს მოასწრო ამოსუნთქვა, რომ დემბელეს ჩაწოდების შემდეგ ალფონსო დევისის ხელით თამაშის გამო ნოიერის კარში პენალტი დაინიშნა. 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ანგარიში გახსნა (45+5 წუთზე)! სრულიად „შეშლილი“ და თავბრუდამხვევი პირველი ტაიმი 3:2 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მეორე ტაიმიც იმავე ინტენსივობით დაიწყო. კვარაცხელიამ უპამეკანოს აჯობა, მაგრამ მისი დარტყმა ფრანგ მცველს ფეხში მოხვდა (50-ე წუთი). ლუის დიასმა არაერთხელ შეძლო ფლანგზე გარღვევა მარკინიოსსა და ჰაკიმისთან ბრძოლაში და მუდმივად საფრთხეს უქმნიდა მასპინძლებს.
მაგრამ თამაში ისევ „პსჟ“-ის სასარგებლოდ შეიცვალა: ვიტინიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჰაკიმიმ ძლიერად ჩააწოდა, ბურთმა კარის მეორე ძელის სიახლოვეს კვარაცხელიასთან მიაღწია, რომელმაც ახლო კუთხეში დაარტყა და ანგარიში 4:2 გახდა (56-ე წუთზე). „პარკ დე პრენსი“ აღტაცებისგან აფეთქდა, სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ კი მთლად სიურრეალისტური სურათი შეიქმნა: ისევ კვარაცხელიას წამოწყებული შესანიშნავი კონტრშეტევა დუემ გააგრძელა და ბურთი დემბელეს გადააწოდა. ფრანგმა თავდამსხმელმა ცენტრში გადაინაცვლა, უპამეკანოს გასცდა და მეხუთე გოლი გაიტანა. 58-ე წუთზე ანგარიში 5:2 გახდა.
მაგრამ „ბაიერნისთვის“ არაფერი დასრულებულა – გერმანელები ამან ვერ გატეხა და მათ მალევე შეამცირეს ანგარიში: კიმიხის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ უპამეკანომ თავით გაიტანა გოლი მასპინძელთა კარში. 65-ე წუთზე ანგარიში 5:3 გახდა, 5 წუთში კი ისევ შეიცვალა – ჰარი კეინის ზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთი დიასმა მიიღო, მარკინიოსს ოსტატურად აუარა გვერდი და საფონოვის კარი აიღო (5:4, 70-ე წუთი).
„ბაიერნმა“ წარმოუდგენელი გამძლეობა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამოიჩინა, რათა ამ გასაოცარ მატჩში თამაში შემოებრუნებინა. ბოლო ორმა გოლმა აშკარად შეამცირა „პსჟ“-ის ენთუზიაზმი. ფრანგებს უჭირდათ დამატებით საფრთხეების შექმნა და ბოლო მეოთხედში სწორედ ვინსენტ კომპანის გუნდი დომინირებდა. თუმცა 84-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად შემოსულმა მაიულუმ კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა მანუელ ნოიერის კართან – კონტრშეტევისას მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა (87-ე წუთი), ხოლო უილიამ პაჩომ 94-ე წუთზე „პსჟ“ გადაარჩინა ანგარიშის გათანაბრებას – თავით გამოიტანა ბურთი, ფაქტობრივად, კარის ხაზიდან.
საბოლოოდ თამაში 5:4 დასრულდა. სანახაობრივად ის ნამდვილი დღესასწაული იყო. ნახევარფინალის ამ პირველმა შეხვედრამ უკვე მოიპოვა „ლეგენდარული მატჩის“ სტატუსი ჩემპიონთა ლიგაზე. ყველა ველოდებით, რომ განმეორებითი შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ ასევე გამორჩეული იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
გუშინდელმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი, არა მარტო როგორც სპორტული თამაში, არამედ როგორც დღესასწაული, ისევ ცოცხალია.
დღეს მაყურებელს მეორე ნახევარფინალური წყვილის მატჩი ელოდება – მადრიდის „ატლეტიკო“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
ნუცა ყაველაშვილი
ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები.

4 days ago
1






English (US) ·
Georgian (GE) ·