ბრაიან მბიუმოს ტრანსფერი ოფიციალურად ცვლის ძალთა ბალანსს პრემიერლიგაში — კამერუნელი შემტევი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ლონდონურმა "ბრენტფორდმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მიიღო, რაც კლუბისთვის ისტორიულ ფინანსურ გარიგებას წარმოადგენს.
მბიუმო უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მანჩესტერში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „იუნაიტედთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ოლდ ტრაფორდზე“ მას შეტევის გაძლიერებისკენ განსაკუთრებული იმედებით ელიან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გუნდი შემტევი ხაზის განახლების პროცესშია.
24 წლის ბრაიანი "ბრენტფორდის" რიგებში 2019 წლიდან ასპარეზობდა. ამ პერიოდში მან 242 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 70 გოლი და გააკეთა 51 საგოლე გადაცემა — სარეკორდო მაჩვენებელი იმ გუნდისთვის, რომელმაც მისი დახმარებით ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში ისტორიული აღზევება მოახერხა.
მბიუმოს ჩართვა ამორიმის პროექტში შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური იარაღი გახდეს, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე დინამიკის და მრავალფეროვნების დამატებით.