WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში და დღეს, 23 სექტემბერს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, შეტევა იყო სხვადასხვა სახეობის 161 დრონით, რომელთაგან 119 მოგერიებულია. პირდაპირი დარტყმა იყო 18 ადგილზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დედაქალაქში დაჭრილია სამი ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

კიევში დრონებით დარტყმა იყო ორ ავტოგასამართ სადგურზე, სატრანსპორტო საწარმოზე, საწყობებზე და ბიზნეს-ცენტრზე.

უკრაინის რეგიონები

გასულ ღამით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეს მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. რუსეთის ჯარებმა ამ სავაჭრო ცენტრს რამდენიმე დღის წინაც დაარტყეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კუშუგუმში დანგრეულია კერძო სახლი. დაიღუპა ერთი ადამიანი.

მეხანძრეები აქრობენ ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს.

მეხანძრეები აქრობენ ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს.

ხარკოვის მერის ცნობით, ქალაქის კიევის რაიონში დრონებით დარტყმა იყო ავტომობილებზე. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიამომბებით დაარტყეს ოლქის ქალაქ იზიუმს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დანგრეულია კერძო სახლები. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებზე შეტევა იყო ჟიტომირის და პოლტავის ოლქებში. სამსახურის ტელეგრამ-არხზე 23 სექტემბერს დილით გამოქვეყნებულ ცნობაში კონკრეტული საწარმოები დასახელებული არ არის.