ოკუპირებულ გალში, საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი 9 იანვარს დაკრძალეს. გოგონები უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. ГалМедиа-მ ადგილიდან უმძიმესი რეპორტაჟი გაავრცელა.
გოგონების მშობლებს სამძიმარი აფხაზმა სასულიერო პირებმა, ადგილობრივმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჩასულმა ადამიანებმა გამოუცხადეს.
ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
“გოგონების დედა ზუგდიდელია, შამგონადან არის. საბერიოში დაკრძალეს ბავშვები. “გალფი” იყო კომპანია, რომელიც პირველი გამოეხმაურა მათ ამბავს და წუხელ 500 00 ჩაურიცხეს ოჯახს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია ოჯახისთვის ბინის შეძენას გეგმავს დევნილთა სამინისტროც. სახლის მოძიების პროცესში არიან.
ეს ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა. ორი უფროსი გოგონა სკოლაში იქ დადიოდა, ორი უმცროსი კი – ბაღში, სულ პატარა თვეების იყო. საბერიოშიც იყო მათი სახლი. არდადეგებამდე წავიდა ვიტალი ოჯახით, მამის საფლავზე რაღაც ჰქონდა მოსაწესრიგებელი, თან საახალწლოდ მოვემზადებიო, იქაურობად დავასუფთავებო. შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა. ხის სახლია, ამიტომ სწრაფად მოედო ცეცხლი. გუშინ გამოწერეს ბებია. ვინც ამ ტრაგედიას შეესწრო. ამ დრომდე კლინიკაში იყო დამწვრობის გამო.
უნდა ვთქვა, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს გოგონების დედა ორსულადაა. არ ვიცი რატომ ავრცელებენ ამას, ეს ტყუილია.
ყველამ ნახა კადრები, მტრედები ვიტალის თავზე, ეს მტრედები დღესაც იმ ოჯახში არიან, სადაც ბავშვების ცხედრები იყო დასვენებული, როგორც კი ვიტალის დაინახავენ ჩამოფრინდებიან სახურავიდან და ვიტალის გარშემო ტრიალებენ” – ჰყვება ოჯახის ახლობელი.