„სარკე“
მული მყავს ბოროტი! ზოგი მეუბნება, ეტყობა, ვერ ხვდება, რას აკეთებსო, მაგრამ არ მჯერა ამის. ის ყველაფერს გამიზნულად აკეთებს, რადგან ბოროტი არ ასვენებს. ჩემი შურს, რადგან მის ძმას ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს, მისი ქმარი კი მუდამ “პლანის” ზემოქმედების ქვეშ არის და საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ ცოლი და შვილები ჰყავს, რომლებზეც უნდა იზრუნოს. ჩემი ქმარი რამეს თუ მიყიდის, მულს მგლის თვალები უხდება. ყველანაირად ცდილობს, შემავიწროვოს და სახლში არაკომფორტულად ვიგრძნო თავი.
ჩვენთან ყოველდღე მოდის თავისი ორი შვილით. საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს, დისკომფორტი ნამდვილად არ შემექმნებოდა, ყველაფერს რომ არ მინადგურებდნენ. ბავშვები მთელ სახლში დადიან და ყველაფერს ანადგურებენ, განსაკუთრებით ჩემი და ჩემი შვილის ნივთებს.
ჩემი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ნერვები მოუსპეს. ჩვილობის ასაკიდან ნერვებს უშლიან. ბავშვი ღრძილებს რომ იქავებდა რომელიმე სათამაშოთი, მულის შვილი მივარდებოდა და ხელიდან გლეჯდა. დღემდე საკმარისია, ჩემს შვილს რამე დაუნახონ ხელში, რომ მაშინვე ართმევენ, ცოტას წაითამაშებენ, მერე ან სახლში მიაქვთ, ან ტეხენ და იქვე გვიყრიან.
ვნერვიულობ, რომ ჩემს შვილს სხვანაირი ხასიათი ჩამოუყალიბეს. ცდილობს, ყველაფერი დამალოს. ახლა უცხო ბავშვი თუ მიუახლოვდება, ჰგონია, რამე უნდა წაართვას, ამიტომ კბენასა და დაპორჭყვნაზე გადადის. ამას წინათ ქუჩაში ძიძა ასეირნებდა ბავშვს, ჩემმა შვილმა კბენა დაუპირა, რადგან ბავშვი მის სათამაშოს წაეპოტინა, ამიტომ ძიძამ შენიშვნა მომცა, ძალიან ცუდად ზრდი, ასეთი აგრესიული არ უნდა იყოსო. უცხო ქალს ხომ ვერ ავუხსნიდი, რომ ბავშვი დაბადებიდან თავს იცავს და ეს ჩვევები მულის შვილებმა გამოუმუშავეს.
ჩემს შვილს ერთი დაუზიანებელი სათამაშო არ აქვს, ყველაფერი დაშლილი და გაუბედურებულია. ჩემმა დამ ბაუნსერი გვიყიდა და მულის შვილებმა იმდენი იხტუნავეს შიგ, სანამ არ დაშალეს და გააუბედურეს. მულს რომ ვუთხარი, დაუშალე-მეთქი, ძალიან გაბრაზდა, ეგღა მაკლია, მაგ ჯართის გამო ბავშვებს ვეჩხუბოო. ჩემს დედამთილსაც არ მოსწონს შვილიშვილების საქციელი, მაგრამ ქალიშვილთან ვერაფერს გახდა. შენიშვნას რომ აძლევს ბავშვებს, ჩემი მული საშინელ სიტყვებს ეუბნება, ჩემი შვილები არ გიყვარს, მარტო ბიჭის შვილს აღიარებ შვილიშვილადო. რამდენჯერ ცხარე ცრემლებით ატირა ქალი, ამიტომ მას ვერ ვთხოვ, რომ მისი თავნებობა აღკვეთოს. შვილია და ხომ არ გააგდებს სახლიდან.
ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი მყავს და მიკვირს, ასეთი შვილი როგორ გამოუვიდათ ან ასე ახალგაზრდა ქალი ასე რამ გააბოროტა. ზოგჯერ მგონია, რომ შვილებს სპეციალურად ეუბნება, რაღაცები გააფუჭონ. რამდენიმე ხნის წინ დედაჩემის ნაყიდ ავეჯზე ფრჩხილის ლაქი გადაასხეს და მერე დაიხოცენ სიცილით. ისეთი სახეები ჰქონდათ, აი, რა კარგად შევასრულეთ დავალებაო. ჩემი დედამთილი მივარდა, ხეხვა დაუწყო, მაგრამ ლაქა მაინც დარჩა. ოჯახში ყველა შეწუხდა, ჩემი მულის გარდა. ის – პირიქით, ძალიან ბედნიერი იყო.
ქმარი მეუბნება, შენც იმუშავე, ცოდო ხარ, სულ სახლში ზიხარო. ვიცი, დედამთილიც ხელს შემიწყობს, ბავშვს დაიტოვებს და ჩემზე უკეთესადაც მოუვლის, მაგრამ ამას მაინც არ გავაკეთებ. მინდა, რომ ჩემი შვილის გვერდით ვიყო სულ, რაღაცები ვასწავლო. ის რომ მამიდაშვილებთან ერთად გაიზარდოს, შეიძლება მათნაირი გახდეს. მე ძალიან ბევრს ველაპარაკები, ზღაპრებს ვუკითხავ, ვასეირნებ, რაღაცებს ვაჩვენებ, ვასწავლი და ვცდილობ, მავნე გავლენისგან დავიცვა. იმედია, რაც მათ გამო ცუდი ჩვევა შეიძინა, დაივიწყებს და მშვიდი, კეთილი ადამიანი გაიზრდება.
თქვენი მკითხველი