მძღოლს არ გამოუთქვამს ეჭვი, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ დაეზიანებინათ - შსს PACE-ის მანქანის დაზიანებაზე

11 hours ago 2

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ის) ანგარიშში ასახულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს PACE-ის სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.

შსს 25 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ავტომობილის მძღოლს იმ დღოს - როდესაც ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, - „არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული“.

სამინისტროს თანახმად, „ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით“ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, სოფელ ბოდბეში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, ტერიტორია დაათვალიერა და „შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია“.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავმდომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული“, - წერს სამინისტრო.

უწყების ცნობითვე, ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ავტომობილის მძღოლმა განუმარტა, რომ „მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება“.

„ასევე, სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული“, - წერს სამინისტრო.

შსს-ის ცნობით, შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით.

PACE-ის ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც სადამკვირვებლო მისია „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა 26 ოქტომბერს.

„დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ [PACE-ს სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა“, - წერია ანგარიშში.

„[ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რიგი საკითხებისა, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, „მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა“.

სრულად წაკითხვა