მხარეები იმსჯელებენ შემდგომ ნაბიჯებზე – ევროკომისიის პრესსპიკერი სავიზო დიალოგის შეხვედრაზე

6 days ago 9

ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, 11 ივნისს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობას და იქ იმსჯელებენ არსებულ ვითარებასა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე.

„გუშინ გაიმართა შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. ეს არის სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამუშავებისას იწყება. შესაბამისად, ეს შეხვედრა და ეს პროცესი მოჰყვება მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის საწყისი, 12-თვიანი ვადით შეჩერებას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა მას მხარი დაუჭირეს.

ამრიგად, იმ პროცესის მიზანი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერებამდე მიგვიყვანა – ეს კი გახლავთ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები.

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ის ტექნიკურ დონეზე წარიმართა და ფოკუსირებული იყო იმ საკითხებზე, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია. კომისიამ დეტალურად განმარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს უკავშირდება. ქართულმა მხარემ ასევე წარადგინა თავისი თვალსაზრისი. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეხვედრის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობას და იქ იმსჯელებენ არსებულ ვითარებასა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად.

გუშინ, 11 ივნისს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა.

ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე 12 თვით შეჩერდა, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.

ევროპული მხარის განცხადებით, 11 ივნისის შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების მოგვარება იყო, რომელმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია. როგორც ცნობილია, მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა.

სრულად წაკითხვა