WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სოხუმის საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად გამოცხადებას დააყენებს დღის წესრიგში. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი დე ფაქტო თანამდებობის პირების საერთაშორისო ძებნა და იქ მომუშავე კომპანიების სანქცირება უნდა მოითხოვონ.

27 სექტემბერს სოხუმი არ დაცემულა. ეს გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული სცენარი ქართველთა გენოციდის კულმინაციაზე, რაც, სამწუხაროდ, განხორციელდა, მაგრამ სოხუმი და აფხაზეთი დგას, ის ჩვენ გველოდება, საქართველოა აუცილებლად აღდგება, ამაღლდება და ჩვენ იქ დავბრუნდებით. თუმცა, ამ პერიოდში ივანიშვილის დიქტატორული სისტემა მოგვევლინა კრემლისტურ ძალად და მოსკოვმა თანამონაწილეობაში გააგრძელა საქართველოს ანექსირებისა და ქართველთა გენოციდის სტრატეგია აფხაზეთში. დაუსჯელად მოხერხდა საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე სრულიად დაუსჯელად გრძელდება ქართველთა ამოძირკვის პოლიტიკა, სკოლების დახურვა, კლასების გაუქმება, ასიმილაცია ქართული გენისა და რაც ყველაზე ტრაგიკულია, რუსეთის სამხედრო ბაზებს აფხაზეთში ივანიშვილის რეჟიმი უფასოდ აწვდისელექტროენერგიას, საწვავს, ენერგეტიკულ-სტრატეგიულ მასალებს. მეტი ღალატი, მეტი მცდელობა ეროვნული მკვლელობისა რაღა უნდა იყოს და ვიმეორებ, ივანიშვილის ხროვა აუცილებლად აგებს პასუხს მათ შორის აფხაზეთშ ჩადენილ ამ სერიოზულ დანაშაულებებზე ერის წინაშე, რასაც ისინი აკეთებენ. 

რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც აუცილებლად მოხდება, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ გადაწყვეტილებებს: აფხაზეთში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს მიერ აღიარებული იქნება ქართველთა გენოციდად და მოხდება გენოციდის ჩამდენი ყველა სახელმწიფოს, ყველა სუბიექტის და ყველა მოვლენის დასჯა და დევნა მსოფლიოს მასშტაბით. სოხუმი გამოცხადდება საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად და ყოველგვარი გეგმები, საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით, წარმოაჩინონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იქნება წყალში ჩაყრილი. ყველა თანამდებობის პირი, მათ შორის რუსეთის სამხედრო ბაზების ხელმძღვანელობა, ვინც კი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ირქმევს “მინისტრს”, “პრეზიდენტს”, “დეპუტატს”, “პრემიერს”, “გენერალს” თუ რაღაცას, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნაზე ინტერპოლის საშუალებით, ხოლო ყველა კომპანია, რომელიც მუშაობს, საქმიანობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დასანქცირებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.