ნაკრების გამარჯვება და ახალი კაპიტნის პირველი კომენტარი – “ძალიან ბედნიერი ვარ”

19 hours ago 3

1

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.

„დინამო არენზე“ გამართულ შეხვედრაში ვილი სანიოლმა კვლავ 4-მცველიანი სქემით ითამაშა, მაგრამ გურამ კაშია და გიორგი წიტაიშვილი თადარიგში დატოვა და სასტარტო თერთმეტეულში ნიკა გაგნიძე და  ირაკლი აზაროვი ათამაშა. დაცვის ცენტრში კი გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი დააყენა. გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა.

30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა, მერე კი კარში დაარტყა.

43-ე წუთზე მიქაუტაძისა და დავითაშილის მიერ სწრაფად განვითარებული შეტევა ნიკა გაგნიძემ დააგვირგვინა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0.

64-ე წუთზე – გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და მორიგი 21-ე სანაკრებო გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო დაუხლოვდა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა, ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა  და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებს ვუკაპიტნებდი. მომეცა საშუალება, გუნდი დღეს მოედანზე გამეყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენც მოვიგეთ და კალათბურთელებმაც.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, წვიმაში ჩვენთან დარჩნენ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, გოლების გატანა უნდა გავაგრძელოთ, მე და მიქაუტაძე გოლებით საქართველოს ნაკრებს ვეხმარებით და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პირველ და ვინ მეორე ადგილზე.

ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, რადგან ქულები დავაგროვოთ. ასევე ვაჩვენეთ ძალიან კარგი თამაში, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

სრულად წაკითხვა