ნანა ფაჩუაშვილი: „გველი შემოვიხვიე მხრებზე და ჩავიფიქრე, ჩემი შვილი კარგად ყოფილიყო” „თავადაც გაოცებული ვარ, რამდენი რამ გადამიტანია, რა ძალა მქონია"

5 days ago 2

 „გველი შემოვიხვიე მხრებზე და ჩავიფიქრე, ჩემი შვილი კარგად ყოფილიყო"„სარკე“, ია ქუთათელაძე

„მე უფრო მჭირდებოდა თეატრი, ვიდრე თეატრს ვჭირდებოდი მე” – ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის პრიმადონა, ნანა ფაჩუაშვილი. ის ყოველთვის გულწრფელად საუბრობს თავის ხანგრძლივ შემოქმედებით გზასა და ცხოვრებაზე. სცენაზეც ასეთია. მის მიერ შესრულებულ ასამდე როლში, მრავალფეროვან სახეთა გალერეაში ვერ მოძებნი უმცირეს სიყალბესაც კი. თეატრისათვის თავგანწირული – ეს არის მისი ღვაწლის ყველაზე ზუსტი განსაზღვრა.
შემოქმედებაში ბედნიერი, პირად ცხოვრებაში კი ტკივილებგამოვლილი მსახიობი ისეთი მომხიბლავია, ისეთი ახალგაზრდული ენერგიით სავსე, მისი შემხედვარე ნამდვილად რწმუნდები, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. თავისი ცხოვრების ეპიზოდებზე მსახიობი „სარკესთან“ საუბრობს:
– თითქმის 60 წელი გაატარეთ რუსთაველის თეატრში, თქვენ ხართ ნათელი მაგალითი ერთგულების, როგორ უნდა ემსახუროს პროფესიას ადამიანი. ამ გადასახედიდან ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ სწორად აირჩიეთ პროფესია.
– სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიოცნებია. ვფიქრობ, უინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი. მე ძალიან მწამს ბედისწერის. ბედის საჩუქარი იყო, რომ მოვხვდი რუსთაველის თეატრში. არსებობს გამოთქმა – საჭირო დროს საჭირო ადგილას და ეს გამოთქმა ზუსტად ესადაგება ჩემს გავლილ გზას.
რუსთაველის თეატრმა მაჩუქა უდიდესი ბედნიერება. ნამდვილად ზუსტია მისი სახელწოდება, თავისი არსით ეს თეატრი მთლიანად ეროვნულია. უდიდესი მსახიობები მოღვაწეობდნენ აქ, მათ გვერდით ჩამოვყალიბდი, მათგან ვისწავლე, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მსახიობი, პირველ ყოვლისა, შრომისმოყვარეობა და მოთმინება.
ბედისწერამ განსაზღვრა, რომ მე განმესახიერებინა ის როლები, რომლებიც რეჟისორებმა შემომთავაზეს. რუსთაველის თეატრი თავისი ტრადიციებით არ გაძლევს უფლებას, არ ჩაჯდე იმ ჩარჩოში, რაც თეატრს ეკადრება. თითოეული როლი, თითოეული გამოსვლა მაყურებლის წინაშე გზრდის, გაყალიბებს. არა მხოლოდ მაყურებლისთვის, შენთვისაც არის საინტერესო, დამაფიქრებელი, სტიმულის მომცემი.
– ბატონმა რობერტმა თქვა, ზოგჯერ მეც მავიწყდებოდა, რომ ჩემ გვერდით ასეთი დიდი მსახიობი იყო და სათანადოდ არ გამოვიყენეო. რას უპასუხებდით მას?
– არა, არ ვეთანხმები ბატონ რობერტს. მისმა ამ სიტყვებმა მე არ გამათამამა. შეიძლება ის იგულისხმა, რომ მის ყველა სპექტაკლში არ ვთამაშობდი, მაგრამ რობიკო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ყველა სპექტაკლს იბარებდა და ბოლო ათი დღე რეჟისორთან ერთად მუშაობდა პრემიერამდე. ასე რომ, მე არ მაკლდა მისი ყურადღება და რაც კი გამიკეთებია, ყველაფერში რობიკოს წვლილია.
– მთელი ცხოვრება რუსთაველის თეატრს მიუძღვენით, არანაკლებ ძვირფასია თქვენთვის “თეატრი ათონელზე”, რომელიც, შეიძლება ითქვას, თქვენი პირმშოა. რა ხდება დღეს იქ?
– “ათონელზე” კარგი ამბები ხდება. დღეს მას ხელმძღვანელობს მისი დამაარსებლის ქალიშვილი, ძალიან ნიჭიერი თიკა სალუქვაძე. ახალგაზრდული კოლექტივია თავმოყრილი, ძირითადად თემურ ჩხეიძის ნამოწაფრები. შემოქმედებითად ისეთ მასშტაბებს მიაღწიეს, დიდი სივრცე სჭირდებათ. დაგეგმილია ექსპერიმენტული სპექტაკლი ქარვასლაში, რომელსაც მეც დიდი ინტერესით ველოდები. ასეთი პრეცედენტი ქარვასლაში არ ყოფილა. გასტროლებიც აქვთ დაგეგმილი, ინდოეთში მიდიან ფესტივალზე. ,,თეატრში ათონელზეძძ ახალი სიცოცხლე დაიწყო.
– ბევრი ტკივილი გადავიტანე და მაინც გავაგრძელე გზაო, აღნიშნეთ. რა იყო მთავარი, რამაც გაგაძლიერათ და გაგაძლებინათ?
– ეს არის ბრძოლისუნარიანობა, ჟინი და ინტერესი. ცხოვრებას უნდა გაუმკლავდე, არავის იმედზე არ უნდა იყო, საკუთარი თავის გარდა. თუ ასე მოიქცევი, მაშინ გადარჩები, შეუძლებელი არაფერია. თითქოს სპორტსმენს ჰგავხარ, სპორტული ჟინი გაიძულებს, დაბრკოლებები გადალახო, ამით ჩვენი პროფესიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ჩემთვის თეატრი და ოჯახი ერთნაირად ძვირფასი იყო, ორივეს ბევრი რამ დავაკელი, თეატრს ოჯახის გამო და პირიქით. ამის შერწყმა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს პირობებში რთულია. ძალიან კი ვეცადე, მაგრამ, მაქსიმუმს მივაღწიე-მეთქი, ვერ ვიტყვი. ვერც იმას ვიტყვი, რომ წინ ბევრი რამ მელოდება. ამის არც დრო დარჩა და არც რესურსი. მაინც გავაგრძელებ ბრძოლას, არ გავჩერდები.
ჩემმა თეატრმა და ჩემმა მეგობრებმა გადამარჩინეს. ისინი დამეხმარნენ ტკივილიანი დღეების დაძლევაში, მომეფერნენ, თავზე ხელი გადამისვეს, მარტო არ დამტოვეს. ეს ჩემი სიმდიდრეა, ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრების შემდეგ.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, განვლილი წლებისთვის და კიდევ იმ დღეებისთვის, რაც წინ გველოდება.

სრულად წაკითხვა