WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვაში ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა 15 სექტემბერს, ადგილობრივი დროით ღამის პირველის ნახევრისთვის.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეთა პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისთვის. მან სოციალურ ქსელ X-ში ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების პირობებში.

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეს ნატოელ მოკავშირეებთან ერთად დაიცავენ. ნაუსედას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის დრონი აღმოჩნდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში.

დრონი კაუნასის რაიონში ჩამოაგდეს

ლიეტუვის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის გამო ქვეყნის რამდენიმე რაიონში საფრთხის ე.წ. ყვითელი დონე იყო გამოცხადებული.

ნატოს გამანადგურებლების მიერ დრონის ჩამოგდების შემდეგ ლიეტუვის კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ აპარატი განადგურებულია კაუნასის რაიონში, სადაც პოლიციის და სხვა სამსახურების სპეციალური ჯგუფები გაგზავნეს.

ცენტრს არ მიუღია შეტყობინება დაშავებულების, ან ზიანის შესახებ.

წინასწარი მონაცემებით, დრონი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ნატოს წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, ფინეთში, რუმინეთსა და პოლონეთში და ასევე, მოლდოვაში არაერთხელ შეიჭრნენ რუსული დრონები.

იყო შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.