ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში, რამოტის გზაგასაყარზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილას მივიდა და აქედან გამოხატა თანაგრძნობა მოკლულთა ოჯახის წევრების მიმართ, დაჭრილებს გამოჯანმრთელება უსურვა.
“ჩვენ ვართ ომში, რამდენიმე ფრონტზე ინტენსიურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან და დაამატა, - „ისრაელის უშიშროების სააგენტომ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა და ისრაელის პოლიციამ წელს ჩაშალეს ასობით ტერორისტული თავდასხმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დილით ვერ მოახერხეს ეს".
ნეთანიაჰუს განაცხადებით, გრძელდება თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დევნა და ალყაში ექცევა სოფლები, საიდანაც თავდამსხმელებმა მოახერხეს იერუსალიმში შეღწევა.
„შევიპყრობთ ყველას, ვინც დაეხმარა მათ და ვინც გამოგზავნა ისინი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმები ისრაელის მოქმედებებს კიდევ უფრო გააძლიერებს:
"ეს მკვლელობები და თავდასხმები... ჩვენ ვერ დაგვასუსტებს. ისინი მხოლოდ გაზრდიან ჩვენს შემართებას, შევასრულოთ მისია, რომელიც ავიღეთ - ღაზაში, იუდეასა და სამარიაში, ყველგან“.
8 სექტემბერს აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანია მოკლული და ათზე მეტი - დაჭრილი. რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომლებიც საპასუხო სროლით ადგილზევე მოკლეს სამხედრო და სამოქალაქო პირებმა.
თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ისრაელის ხელისუფლება თავდასხმას ტერაქტად აფასებს. 8 სექტემბერს მომხდარი "ტერორისტულ თავდასხმად" შეაფასეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.