ნეპალის ჩიტვანის რაიონი, რომელიც ცნობილია თავისი ტყეებითა და მდინარეებით, გახდა წყალდიდობის ასობით ამოუცნობი მსხვერპლის მასობრივი დაკრძალვის ადგილი.
დაახლოებით 750 ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც მყინვარის ჩამოშლით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჰიმალაის ამ რეგიონის - ნეპალის ჩინეთთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ხეობები - წალეკა და კატასტროფული ზიანი მიაყენა მას.
ბარში, რასუვას წყალდიდობით განადგურებული ხეობებიდან თითქმის 200 კილომეტრის დაშორებით ხელისუფლებამ ჩიტვანში, დევღატის ტყეში ასობით საფლავი გათხარა.
ბოლო დრომდე ტყის ბილიკები დილის გასეირნებისთვის პოპულარული ადგილი იყო. ახლა ის დროებით სამარხად ემსახურება ცხედრებს, რომელთა ამოცნობა შეუძლებელია გახრწნის გამო.
„სხვა არჩევანი არ დაგვრჩა და ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ჩვენი საზრუნავი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე, რომელსაც ცხედრების სწრაფი გახრწნა ქმნიდა“, — განაცხადა ბარატპურის (ჩიტვანი) ხელისუფლებჰის წარმომადგენელმა განეშ არიამ.
ხელისუფლებამ შაბათს ტყეში დაასაფლავა 96, ხოლო კვირას - 100-ზე მეტი სხვა ამოუცნობი ცხედარი.
სამაშველო ჯგუფები მდინარეებიდან და ნანგრევების გროვებიდან მსხვერპლთა გამოყვანას განაგრძობენ.
დაახლოებით 100 მაშველი, პოლიციელი და სხვა ოფიციალური პირი ეხმარებოდა დაღუპულთა დოკუმენტირებას, ნაშთების გადაღებას, ნათესავების დახმარებას იდენტიფიკაციაში და ცხედრების დაკრძალვისთვის მომზადებას.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თითოეული სამარხი საგულდაგულოდ იყო აღნუსხული, საიდენტიფიკაციო ნიშნები განთავსებული იყო როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ, და მითითებული იყო ზუსტი ადგილმდებარეობის მონაცემები.
ნეპალის ხელისუფლებამ ამოუცნობი მიცვალებულებისგან დნმ-ის ნიმუშები შეაგროვა, რაც საშუალებას მისცემს მას იპოვონ და ექსჰუმაცია გაუკეთონ ნაშთებს, თუ მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდება ოჯახის მოთხოვნის, ოფიციალური ჩანაწერების ან გენეტიკური ტესტირების საშუალებით.
ინდოეთმა უკვე გაგზავნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს თავის ნეპალელ კოლეგებთან დნმ-ის ნიმუშების ანალიზზე. ნეპალს კონტაქტი აქვს ჩინეთის შესაბამის ჯგუფებთან.
სამაშველო ოპერაციები და დაღუპულთა ცხედრების ძებნა გრძელდება.
radiotavisupleba ახალი ამბები