WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ბრალდებულები, თავად ნიკა მელიას გარემოცვის წევრები, ცოტნე მირცხულავა და გაბრიელ კობაიძე სამტრედიის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

პროკურატურა მათთვის 3000-3000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა პირველ ოქტომბერს გაიმართება, სადაც იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე და იმაზე, გადაეცემა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად თუ შეწყდება წარმოება.

შემთხვევა 2 წლის წინ, 2024 წლის აგვისტოში, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს მოხდა. ნიკა მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი [სულხან-საბა ნიკოლეიშვილი] ნიკა მელიასთან მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა. ამას თავის მხრივ ხმაური და გაწევ-გამოწევა მოჰყვა, რაშიც ჩართულები იყვნენ მირცხულავა და კობაიძე.

„პროკურატურა მედავება საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას. მარტივად რომ ვთქვათ, გამოდიოდა, რომ საკუთარ საარჩევნო კამპანიას მე თვითონ ვუშლიდი ხელს.
აქ კი ერთი მარტივი მოცემულობაა: საარჩევნო კამპანია ინციდენტიდან დაახლოებით ორნახევარი კვირის შემდეგ დაიწყო.

მოსამართლემ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და კიდევ ერთხელ მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას საფუძველი არ აქვს“, — ამბობს მირცხულავა.

ბრალი ნიკა მელიაზე თავდამსხმელსა და თავად მელიას გარემოცვის წევრებს 9 აგვისტოს წარუდგინეს.

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება რომ განახლდა, ცნობილი 4 აგვისტოს გახდა. ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დაახლოებით 2 კვირით ადრე ნიკა მელიაც გამოიკითხეს ისე, რომ ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ცოტნე მირცხულავა იყო პირველი, რომელმაც ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალური ქსელით ჯერ კიდევ 8 აგვისტოს გაავრცელა. სტუდენტი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, წერდა, რომ პროკურატურა მისთვის ბრალის წაყენებას აპირებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის  არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა — გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ასე გაავრცელა ინფორმაცია პროკურატურამ.