2024 წლის აგვისტოში სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის დროს, პარტია „ახალი“ ლიდერზე ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურა მელიას თანაგუნდელს ცოტნე მირცხულავას ბრალს ხვალ წაუყენებს.
მირცხულავას თქმით, მას თავდაპირველად მოწმედ დაკითხვაზე იბარებდნენ, თუმცა დღეს შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
„დღეს დამირეკა, რომ ჩემ წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ხვალ უნდა ჩამობრძანდეთო, ბრალი უნდა წარგიდგინონო“, – ამბობს მირცხულავა.
მისთვის ცნობილია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით აპირებენ ბრალის წარდგენას, რაც ძალადობას ნიშნავს. მირცხულავა ვარაუდობს, რომ საქმე იმ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ნიკა მელიაზე თავდამსხმელს გაეკიდა.
„საარჩევნო შეხვედრა გვქონდა ჩვეულებრივად და როდესაც ეს ... შემოვარდა და ნიკა მელიას დაარტყა, მე გავეკიდე უკან, დასაჭერად. ამ დროს წაიქცა ის მანქანებს შუა. [...] ალბათ მაგაზე აქვთ საქმე“, – ამბობს ის.
მირცხულავა ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებს და ამბობს, რომ მიზანი ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინებაა.
„ეს უბრალოდ არ ვიცი კონკრეტულად რას ემსახურება, თუმცა ნიკა მელიას ყოველი პროცესის შემდეგ ახალ-ახალ ბრალდებას უყენებენ. ეს პირველ რიგში, მე ვფიქრობ, არის ჩვენი დაშინების და შეჩერების მცდელობა“, – ამბობს მირცხულავა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქმის გამომძიებელს, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ცოტნე მირხულავას გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილე დაგვიდასტურა.
სამტრედიაში ნიკა მელიაზე ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება თავდაპირველად ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა წინ არ წასულა. პროკურატურამ ეს საქმე რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გადააკვალიფიცირა.
„რეალური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ორი წლის თავზე“, – განაცხადა კვინიკაძემ. მისივე ცნობით, დაიწყო მოწმეების დაკითხვაც. მათ სამტრედიაში იბარებენ.
2024 წლის 12 აგვისტოს ნიკა მელიას სამტრედიაში, წინასაარჩევნო შეხვედრისას, ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და თავში დაარტყა. თავდასხმის შემდეგ ადგილზე დაპირისპირება მოხდა. მელიას ადვოკატის თქმით, თავდამსხმელი მაშინვე დაადგინეს და გამოკითხეს.
radiotavisupleba ახალი ამბები
