ნინა ცაგარელი: “წლევანდელი „ღამის სერენადები“ გამორჩეული იქნება”

9 hours ago 6

კითხვის დრო: 10 წთ.

Nina tsagareli

– ქალბატონო ნინა, წლევანდელი „ღამის სერენადები“ განსაკუთრებულ თარიღს, მისი დამაარსებლის ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. რას ნიშნავს ეს თარიღი თქვენთვის?

– წლევანდელი ფესტივალი, მართლაც, განსაკუთრებულად ემოციური და პასუხისმგებლობით აღსავსეა. ლიანა ისაკაძე „ღამის სერენადების“ მხოლოდ დამაარსებელი არ ყოფილა – ის იყო ამ ფესტივალის სული, მისი იდეა, ენერგია და შთაგონების წყარო. სწორედ, მისმა ხედვამ, შემოქმედებითმა თავისუფლებამ და მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულმა შექმნა ის უნიკალური ატმოსფერო, რომელიც „ღამის სერენადებს“ დღემდე გამოარჩევს.

ბუნებრივია, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანას ისაკაძის ძმისშვილი, მუსიკოსი და პედაგოგი გიორგი ისაკაძე და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ამ იდეების ერთგული ვრჩებით.

80 წლის იუბილე გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ არა მხოლოდ მისი, როგორც მსოფლიო დონის მევიოლინისა და დირიჟორის შემოქმედება, არამედ ის ღირებულებები, რომლებიც მან დაგვიტოვა – ხელოვნებისადმი ერთგულება, თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და რწმენა, რომ მუსიკას ადამიანების გაერთიანება შეუძლია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ იდეების ასახვა წლევანდელ პროგრამაში. ამიტომ, საკონცერტო პროგრამები ავაგეთ იმგვარად, რომ მათში წარმოდგენილი ყოფილიყო სხვადასხვა ეპოქების, კულტურებისა და მუსიკალური ჟანრების დიალოგი. კლასიკა, თანამედროვე მუსიკა, ტანგო, ბაროკოს ეპოქა – ასეთი მრავალფეროვნება, თავად ლიანას ძალიან უყვარდა და მას ყოველთვის განსაკუთრებული გემოვნებით აერთიანებდა.

ამდენად, ლიანა ისაკაძის იუბილე მხოლოდ ხსოვნის თარიღი არ არის. ეს არის მადლიერების, პასუხისმგებლობისა და იმ კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელების სიმბოლო, რომელიც ლიანა ისაკაძემ დაგვიტოვა.

– მოგვიყევით მეტი რამ წლევანდელი მონაწილეების შესახებ.

– წლევანდელი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად გამორჩეული იქნება საერთაშორისო რანგის წამყვანი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების სიმრავლით.

პირველ რიგში, დავასახელებ ცნობილ იტალიელ დირიჟორს ბეატრიჩე ვენეცის, რომელიც ბუენოს-აირესის Teatro Colon-ის მთავარი დირიჟორია და ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა მაესტროა ევროპაში. ის მსოფლიოს არაერთ ცნობილ საოპერო თუ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობს. ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ ის ჩვენი ფესტივალის მთავარი დირიჟორია 2025 წლიდან, ხოლო წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ის სამ კონცერტს უდირიჟორებს. მასთან ერთად სცენაზე ვიხილავთ გამორჩეულ იაპონელ-იტალიელ მევიოლინეს იუკი სერინოს, რომელიც კრემონას საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მისი საერთაშორისო კარიერა კი ძალიან სწრაფად ვითარდება.

წლევანდელ ღამის სერენადებში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის დიდი ხნის მეგობრები ფინელი ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი, ესტონელი მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი. იან-ერიკ გუსტავსონი – კორსჰოლმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. ესაა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კამერული მუსიკის ფესტივალი სკანდინავიაში. ასევე იყო სიბელიუსის ფესტივალის მრავალწლიანი სამხატვრო ხელმძღვანელი და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ფესტივალის განვითარებასა და საერთაშორისო რეპუტაციის ჩამოყალიბებაში. იან ერიკ გუსტავსონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მოთხოვნადი ჩელისტი, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ესა-პეკა სალონენი, პაავო იარვი და კლაუს მეკელე, ხოლო მის ჩანაწერებს არაერთი საერთაშორისო ნომინაცია აქვს მიღებული.

რაც შეეხება ანა-ლიზა ბეზროდნის ის ტალინის კამერული მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. ასევე არის ტალინის სინფონიეტას სამხატვრო ხელმძღვანელი და Guildhall School of Music & Drama-ის Gold Medal-ის (2006) მფლობელი — ეს სასწავლებლის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ჟაკლინ დიუ პრე და ბრინ ტერფელი.

ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები არიან მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა – კაპელა გაბეტას დაამარსებელი და ხელმძღვანელი და მსოფლიოში აღიარებული ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, იტალიელი პიანისტი გლორია კამპანერი და სოპრანო ნადეჟდა ნესტეროვა, ლეგენდარული იტალიელი მესაყვირე ნელო სალცა, რომელსაც „მორიკონეს საყვირსაც“ უწოდებენ და ჩვენი საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი შიოლაშვილი.

განსაკუთრებული მადლიერებით უნდა ვახსენოთ ჩვენი საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”, რომლის პირველი ვიოლინოა ლელა მჭედლიძე და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც, წელს, ჩვენი ფესტივალში, პირველად მიიღებს მონაწილეობას.

– მოგვიყევით წლევანდელი საკონცერტო პროგრამების შესახებ.

– წლევანდელი საკონცერტო პროგრამა განსაკუთრებულად მრავალფეროვანია და სრულად ასახავს იმ იდეას, რომელსაც „ღამის სერენადები“ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება — კლასიკური მემკვიდრეობისა და თანამედროვე მუსიკალური ხედვების შერწყმას.

ფესტივალი გაიხსნება ჩაიკოვსკის, სენ-სანსისა და მენდელსონის ნაწარმოებებით. ამის შემდეგ მსმენელს ელოდება სრულიად განსაკუთრებული პროექტი „მარია ბუენოს-აირესიდან – Reloaded“, სადაც პიაცოლას მუსიკა, რომელიც ამ პროგრამის ძირითადი ბირთვია – ვივალდის, ნინო როტასა ლუკა სალვადორის მუსიკასთან გაერთიანდება. ძალიან ხშირია პროგრამები, როდესაც კლასიკური რეპერტუარის „გათანამედროვება ხდება“. აქ კი პირიქით – მეოცე საუკუნის უდიდესი არგენტინელი კომპოზიტორის, ტანგო ნუევოს შემქმნელის მუსიკა ბაროკოს ეპოქაში იმოგზაურებს.
კიდევ ერთი გამორჩეული საღამოა „Tango-OPERAzione“, რომელიც მთლიანად ტანგოს სამყაროს ეძღვნება. აქ შესრულდება ასტორ პიაცოლასა და კარლოს გარდელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები საოპერო მუსიკასთან სინთეზში.

თბილისის კონცერტები მსმენელს შესთავაზებს საფორტეპიანო მუსიკის განსაკუთრებულ საღამოს, სადაც სოლო და დუეტისთვის შექმნილ სრულიად განსაკუთრებულ რეპერტუართან ერთად შესრულდება სანდრო ნებიერიძის ნაწარმოები. ეს თხზულება სანდრომ ფესტივალის დაკვეთითა და ლიანა ისაკაძის “ხუმრობენ მუსიკოსების” შთაგონებით შექმნა. მსმენელი მოისმენს ასევე ბრამსისა და სენ-სანსის სიმფონიურ შედევრებს, ხოლო ფესტივალი დასრულდება პროექტით „მორიკონე – კინოს ლეგენდა“, რომლის ფარგლებშიც ძალიან დიდი იტალიელი მუსიკოსი „მორიკონეს საყვირად “ წოდებული ნელო სალცა, არა მხოლოდ შეასრულებს დიდი მაესტროს უკვდავ თემებს, არამედ გაიხსენებს მათი შექმნის ისტორიას და ენიო მორიკონესთან თანამშრომლობისა და მეგობრობის დეტალებს.

ამის პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მოწვეული სოლისტების მასტერკლასები, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, თემატური ვორქშოპები, მათ შორის სსმ და შსსმ პირებისთვის, მხატვრის გამოფენა და ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ელოდება არაერთი სიურპრიზი.
– სად და როდის გაიმართება კონცერტები?

– წლევანდელი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად საქართველოს სამ ქალაქში ჩატარდება – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

ფესტივალი 19 აგვისტოს გაიხსნება სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“. 21, 23 და 25 აგვისტოს კონცერტებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

ფესტივალის მეორე ნაწილი გაიმართება თბილისში. 16 და 18 სექტემბერს კონცერტები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხოლო დასკვნითი გალა-კონცერტი 20 სექტემბერს შედგება ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
ამრიგად, ფესტივალი შვიდი განსხვავებული კონცერტით გააერთიანებს კლასიკურ, საორკესტრო, კამერულ, ტანგოსა და კინომუსიკის პროგრამებს და მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ მოგზაურობას შესთავაზებს.

– მსმენელს მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი საღამოები ელოდება.

– ნამდვილად ასეა. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი „ღამის სერენადები“ მსმენელს არაერთ დაუვიწყარ მუსიკალურ ემოციას აჩუქებს. სწორედ ასეთი მომენტებით სულდგმულობს ჩვენი ფესტივალი უკვე მრავალი წელია – შეხვედრებზე დიდ ხელოვანებთან, განსაკუთრებულ მუსიკასთან და იმ ატმოსფეროსთან, რომელსაც მხოლოდ ცოცხალი შესრულება ქმნის.
ამ შესაძლებლობისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ასეთი მასშტაბური ფესტივალის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა: საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და იტალიის საელჩოს საქართველოში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედს“.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მსმენელს, რომელიც წლების განმავლობაში გვაძლიერებს და გვარწმუნებს, რომ „ღამის სერენადები“ მართლაც განსაკუთრებული მუსიკალური სივრცეა. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ პროგრამაში ყველა იპოვის თავის სამყაროს — იქნება ეს კლასიკური სიმფონიური მუსიკა, კამერული რეპერტუარი, ტანგო თუ კინომუსიკა. თითოეულ კონცერტს თავისი განწყობა, ისტორია და ემოცია აქვს და სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია ფესტივალის განსაკუთრებული ხიბლი.
„ღამის სერენადები“ აგრძელებს და მომავალშიც გააგრძელებს ლიანა ისაკაძის მიერ დაწყებულ გზას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნებოდა ლიანა ისაკაძის ყველაზე დიდი სურვილიც – რომ ფესტივალი ყოფილიყო ცოცხალი, განვითარებადი, საერთაშორისო დიალოგის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან გამორჩეული მუსიკოსები, ახალგაზრდა შემსრულებლები და ერთგული მსმენელი.

სრულად წაკითხვა