ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" - PHR

10 hours ago 3

აქტივისტისა და პედაგოგის, სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილის უფლებადამცველების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა".

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სასამართლოს ხვალინდელ, 29 ოქტომბრის სხდომაზე პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

"დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცნო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური", - ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. სამედიცინო დოკუმენტში მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის უნდა გადაეყვანათ.

"ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმიური სამედიცნო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომერეობა უფრო გაუარესდა".

დათაშვილი 24 ოქტომბერს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, კვლავ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, დიაგნოზის საფუძველზე საჭიროა ქირურგიული ოპერაცია.

PHR-ის თანახმად, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პირველ რიგში, კისრის მალებზე.

"სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან", - ნათქვამია უფლებადამცველი ოგანიზაციის განცხადებაში.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.

სრულად წაკითხვა