ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა

15 hours ago 7

აქტივისტსა და პედაგოგს, სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის შესახებ განცხადება, პროკურატურამ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა:

"საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ ნინო დათაშვილის ადვოკატებიც.

ნინო დათაშვილი სასამართლო სხდომას ონლაინ ჩაერთო. მისი ხმის გაგონება ემოციური აღმოჩნდა დარბაზში მსხდომთათვის. ნინოს მეგობრებისა და გულშემატკივრების ნაწილმა ცრემლები ვერ შეიკავა:

"წელი მწყდება", - გაისმა ნინო დათაშვილის ხმა, რომელიც ტიროდა. "ცოტა ხანი მოითმინე ნინო, პროკურატურამ მოითხოვა შენი გირაო, ცოტა ხანი მოითმინე, გაუძელი"... უთხრა მას ადვოკატმა, თამარ გაბოძემ. "თუ შეიძლება, ერთი სკამი მომიტანოთ, რომ ფეხები დავალაგო, სხვანაირად ვერ ვჩერდები, ნემსი გავაკეთებინე"... თქვა ნინო დათაშვილმა.

"მე ვერ გამოვხატავ პროკურატურის მიმართ მადლიერებას, რადგან ნინოს ტანჯვა და ის მდგომარეობა, რაშიც ახლაა, როცა ვეღარ გადაადგილდები, თვითმოვლის უნარები შეზღუდული აქვს, კიდურებს ვერ ამოძრავებს, იყოფება ტანჯვაში, რადგან ასე გადაწყვიტა პროკურატურამ და სანამ ნინოს უკანასკნელ მდგომარეობამდე მისვლა არ დადასტურდა, მანამდე არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ნინოს ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება არის პროკურატურის პასუხისმგებლობა", - თქვა ადვოკატმა თამარ გაბოძემ.

"ვენდობი ჩემს ადვოკატებს, ბრწყინვალი ადვოკატები მყავს, ვენდობი მათ, იბრძვიან ჩემი უფლებების დასაცავად... ჩემი გადარჩენაა აქედანა გაშვება დღეს, მადლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ციხის ადმინისტარციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა ორი ოპერაცია მჭირდება", - თქვა ნინო დათაშვილმა, რომელსაც უჭირდა ლაპარაკი.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში ყოფნისას "მკვეთრად გაუარესდა".

ნინო დათაშვილს, რომელსაც ხერხემლისა და წელის პრობლემები პატიმრობამდეც ჰქონდა და მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, პატიმრობის შემდეგ კიდევ უფრო გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

უკვე თვეზე მეტია, ნინო დათაშვილი ვეღარ ახერხებდა საკუთარ სხდომებზე დასწრებას.

25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. სამედიცინო დოკუმენტში მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის უნდა გადაეყვანათ.

"ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმიური სამედიცინო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა".

24 ოქტომბერს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, დათაშვილი კვლავ გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, დიაგნოზის საფუძველზე საჭიროა ქირურგიული ოპერაცია.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.

სრულად წაკითხვა