ინფორმაციას ავრცელებს NDI-ი, რომლის თანახმადაც ნინო დოლიძეს ჯილდო გადაეცემა „გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისათვის არჩევნების სანდოობის დაცვისა და დემოკრატიული მონაწილეობის გაძლიერების მიმართ“.
ჯილდო, მასთან ერთად, გადაეცემბა მალავურ სადამკვირვებლო ორგანიზაცია Chisankho Watch-ს. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 3 დეკემბერს, NDI-ის „დემოკრატიის დღეს“, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში.
„მედლინ ოლბრაიტის სახელობის დემოკრატიის ჯილდო გადაეცემათ მათ, ვინც იცავს თავისუფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, თუნდაც დიდი პირადი რისკის ფასად“, - განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა ტამარა კოფმან ვიტესმა.
ოლბრაიტის სახელობის ჯილდო სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ:
- ვლადიმერ კარა-მურზას - რუს ოპოზიციონერს, ყოფილ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც სამშობლოში დევნილია და ემიგრაციაში ცხოვრობს;
- ფილიპინურ მედია Rappler-ს - ნობელიანტი მარია რესას დაფუძნებულ ორგანიზაციას;
- სამხრეთ აფრიკელ სასულიერო მოღვაწესა და აქტივისტს დეზმონდ ტუტუს;
- აშშ-ის 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერს;
- დისიდენტობის სიმბოლოს, ჩეხეთის პირველ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს.
„ნინო დოლიძე და Chisankho Watch-ის განასახიერებენ ერთგულებას იმ დემოკრატიული ღირებულებებისადმი, რომელთა განხორციელებასაც მედლინ ოლბრაიტი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა“, - განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა.
- მედლინ ოლბრაიტი 2022 წლის 23 მარტს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოლბრაიტი, - რომლის ოჯახიც 1939 წელს გაიქცა ჩეხოსლოვაკიიდან, - იყო პირველი ქალი, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა.
- 1992 წელს ის ბილ კლინტონის მრჩეველი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტად კლინტონის არჩევის შემდეგ კი ის გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. ოლბრაიტი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
NDI-ის თანახმად, ეს არის ორგანიზაციის მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო.
„2021 წლიდან 2025 წლამდე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას, ნინო დოლიძე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საქართველოში - სულ უფრო მტრულად განწყობილი პოლიტიკური კლიმატის პირობებში“, - წერს ორგანიზაცია.
„2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შემზღუდავი კანონმდებლობა შემოიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ და მიზანმიმართულად შეუტია მედიასა და დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას, ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით მისი გუნდი საპარლამენტო არჩევნებს სისტემურად აკვირდებოდა, რამაც საქართველოს საზოგადოებასა და მსოფლიოს მიაწოდა მონაცემებზე დაფუძნებული შეფასება პოლარიზებული მედიაგარემოსა და მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების დაშინების შესახებ“, - წერია NDI-ის განცხადებაში, რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„არჩევნების სანდოობის შელახვის შესახებ დეტალური ინფორმაციის საჯაროდ გაზიარებისთვის, ნინო დოლიძე და მისი ოჯახი მუქარისა და შევიწროების სამიზნე გახდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც კი, მან განაგრძო ქართველი ხალხის მტკიცე სურვილის დაცვა დემოკრატიასა და ევროკავშირში დაფუძნებული მომავლის მიმართ“, - აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
ISFED-ის ანგარიშები, - ექვსი სამოქალაქო ორგანიზაციის ანგარიშებთან ერთად, - პროკურატურამ 27 აგვისტოს დააყადაღა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რასაც პროკურატურა „საბოტაჟის საქმეს“, ხოლო მედია „პირბადეების საქმეს“ უწოდებს.
ამ გამოძიების ფარგლებში პირველი შედეგი უფრო ადრე, 17 მარტს დადგა - ამ დღეს პროკურატურამ შემდეგი ხუთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი.
გამოძიებას ხმაურიანი სახელი აქვს - ბრალდებაში ფიგურირებს საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ამ საქმის ფარგლებში ნინო დოლიძე სასამართლოში 3 სექტემბერს გამოჰკითხეს.

7 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·